ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში 19 სექტემბერს ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილად გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას ალიევმა თქვა, რომ დაიწყო უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა, მათ მიერ იარაღის ჩაბარება და ყარაბაღში მცხოვრები სომხები მალე დაინახავენ უკეთესობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეებში სომხეთმა მოულოდნელად გამოიჩინა პოლიტიკური კომპეტენცია, რასაც ბაქო აფასებს, მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს და ეს დადებით გავლენას მოახდენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე.

მისივე თქმით, მსოფლიო ყარაბაღს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა და დღეს ამას სომხეთიც აღიარებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ყარაბაღის სომხურ თემს ხელისუფლების ხედვას ქალაქ ევლახში დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობენ. შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები განათლების, რელიგიის, კულტურის, მუნიციპალური არჩევნების და სხვა კუთხით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ 19 სექტემბერს დაიწყო და მიზეზად „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ, ყარაბაღში დადებული ნაღმების აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლისა და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაასახელა. ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდმსენის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევა. რეგიონში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყარაბაღის რეგიონი ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა. 1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ყარაბაღის რესპუბლიკა არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რუსეთის შუამავლობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოების სტატუსით რუსი სამხედროები განლაგდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.