ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივნისს მიიღო ბუქარესტის დეკლარაცია, რომელშიც გამოხატულია „ღრმა შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის მიერ „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის, ისევე როგორც რიგი სხვა კანონების მიღების გამო, „რომლებიც ფაქტობრივად ძირს უთხრიან დემოკრატიას, ახშობენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, განზრახ უკუაგდებენ მთავრობის პასუხისმგებლობას - პატივი სცეს ქართველი ხალხის მკაფიო ნებას, დაიცვას კონსტიტუცია, შეასრულოს ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ეუთოს სხვა ვალდებულებები“. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილ და თანმიმდევრულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მყიფე დემოკრატიას და შერყიოს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, მათ შორის, მაგრამ არმხოლოდ, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და მომიტინგეებზე თავდასხმები ატარებენ „გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებელს“. დეკლარაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს თავდასხმები და ეცადოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად.
დეკლარაცია ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, ერთობლივად იმოქმედონ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას არჩევნების დღემდე და შეარყიოს კენჭისყრის დემოკრატიული მთლიანობა.
დეკლარაცია რამდენიმედღიანი დებატების შემდეგ მიიღეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართა, რომ როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებენ დასკვნები გააკეთონ „მცდარი აღქმების საფუძველზე“.
„შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტს პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან. ... საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ხშირია მცდელობები, ქართველი ხალხის და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩინდეს.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია ოკუპაციის საკითხებსაც ეხება. კერძოდ, დოკუმენტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად, ისევე როგორც ორივე რეგიონში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების შეცვლასა და წაშლას, რაც, დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
დეკლარაცია ასევე ხაზს უსვამს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
დეკლარაცია იმეორებს მოწოდებას, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ბუქარესტის დეკლარაციას მხარს არ დაუჭერდნენ. ამის მიზეზად დასახელდა დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში არსებული ჩანაწერი, რომელიც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, რუსეთს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მხარედ არ წარმოაჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ტექსტში პრობლემური ჩანაწერი არ შევიდა, „ქართული ოცნების“ წევრებმა დეკლარაციას მხარი მაინც არ დაუჭირეს. მათთვის მიუღებელი კიდევ ორი საკითხი აღმოჩნდა.
„ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს წევრი 57 ქვეყანაა, აქედან კი წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, საქართველოს გარდა, სხვა არჩევნები ნახსენები არ იყო. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით საქართველოს გამოყოფას მაშინ, როდესაც სხვა არჩევნებიცაა ჩასატარებელი. ეს არ არის დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია.
მეორე საკითხი საქართველოში არსებულ პოლარიზაციას ეხებოდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, „მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე იგივე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთოს წევრ სხვა ქვეყნებში“.
„აქაც ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ შეიძლება ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა და პრობლემა თუ არის, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი ევროპის და დასავლური საზოგადოების პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გამოყოფა მიზანმიმართული დისკრედიტაცია იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ხმა არ მივეცით საბოლოო დეკლარაციას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეკლარაცას მხარი არ დაუჭირა იმის გამო, რომ „მასში საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს“.