ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირაში იყო დაგეგმილი, გადადო. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება „დისკუსიებისა და საგულდაგულო განხილვის შემდეგ“ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს კაუმა პლატფორმა X-ზე.

პია კაუმა თბილისში ჩამოსვლას საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ ლუის გრაჩასთან ერთად გეგმავდა. ვიზიტის შესახებ გუშინ, 5 იანვარს, გახდა ცნობილი, რის შემდეგაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კაუმას წერილით მიმართეს და გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს, განმარტავდნენ, რომ ამ ნაბიჯს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებდა.

„თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, - ნათქვამი იყო „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია წერდა, რომ „რეჟიმთან“ ნებისმიერი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ურყევ პირობებს, პირველ რიგში კი, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„გარდა ამისა, დიალოგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სასწრაფო აუცილებლობას. ამ წინაპირობების გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა რეჟიმთან რისკავს მისი რეპრესიული ქმედებებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას და ავტორიტარიზმის კიდევ უფრო განმტკიცებას“, - აღნიშნავდა გახარია.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის დრო შეუფერებელი იყო და ის ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარებას ხელს არ შეუწყობდა.

პია კაუმას წერილი მისწერა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმაც. რესპუბლიკელი კონგრესმენის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნებისმიერ ოფიციალურ ჩართულობას „ავტორიტარული მიტაცების ლეგიტიმაციის“ საშუალებად გამოიყენებდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ახლახანს გავხდით ამ დინამიკის მოწმენი, როდესაც პარტიამ გამოიყენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, პასკალ ალიზარის წერილი საქართველოს მთავრობისადმი ODIHR-ის საარჩევნო რეკომენდაციების შესახებ, რათა ტყუილად ემტკიცებინა, რომ ეუთო მხარს უჭერდა არჩევნების შედეგს.

მიუხედავად თქვენი კეთილშობილური განზრახვისა ამ ვიზიტის ორგანიზებისას, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად აღიქვამს თქვენს ჩართულობას, როგორც სიმბოლურ საერთაშორისო მოწონებას. ამიტომ, პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ დაგეგმილ ვიზიტს“, - ნათქვამი იყო ჯო უილსონის წერილში, რომელიც 3 იანვრით თარიღდება.

პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ, ასევე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.