საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 28 იანვარს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მთავარ რედაქტორებს, ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მზია ამაღლობელის საქმე „ძალიან ცუდია“
„წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ სილის გაწვნის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“, - წერს გერმანიის ელჩი.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა ესტონეთის ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარმა. ის X-ზე წერს, რომ „საქართველოში თავისუფალი მედიისთვის ბნელი დღეებია“.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
უკვე 17 დღეა, მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ექიმები შიშობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
