„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრ ლაშა შარუხიას, რომელიც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის გამო 18 დეკემბერს დააკავეს, მცხეთის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 2000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
შარუხიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე რეზო ნადოიმ, რომელმაც დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პატიმრობის გირაოთი შეცვლას პროკურატურაც დასთანხმდა.
ბრალდებულმა დროშის დაწვა არც დღეს უარყო. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ უნდა იმ „მიწა-წყალზე, სადაც პატრიარქი ილია მეორეა, სადაც მამა გაბრიელი და ამდენი წმინდა გვყავს, სოდომური ცოდვები გავრცელდეს“.
„ეს არის ხალხის თანადგომის და სოლიდარობის შედეგი. ხალხის სერიოზული პროტესტი, მათ შორის, დროშების დაწვის კამპანია რომ არ ყოფილიყო, ეს შედეგი არ დადგებოდა. არავინ აპირებდა ლაშა შარუხიას გამოშვებას და ცდილობდნენ, უმძიმესი სასჯელი მიესაჯათ.
გაგრძელდება სასამართლო, მაგრამ პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, საღი აზრი გაითვალისწინოს, გადადგმულია“, - განაცხადა პრორუსული, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერმა, შოთა მარტინენკომ.

„ალტ ინფოს“ ლიდერებისა და მხარდამჭერების გარდა, ლაშა შარუხიასადმი სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოსთან სასულიერო პირებიც მივიდნენ. მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც იმყოფებოდა.
„საპატრიარქოს თავიდანვე ჰქონდა პოზიცია, რომ ამ ადამიანის დაკავება გადამეტებული გვეჩვენებოდა. შესაძლოა, ყოფილიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ზოგადად, რადგან კანონმდებლობა მუდმივი შემოქმედებითი პროცესია, ბევრი რამ არის გადასახედი საქართველოში, რაც ზოგიერთ კანონს მორალთან თანხმობაში მოიყვანდა. კანონი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციას და კულტურას შეესაბამებოდეს“, - თქვა ჯაღმაიძემ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შარუხიას საქმის არსებითი განხილვა 16 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ალტ-ინფოს“ წევრებსა და მხარდამჭერებს ევროკავშირის დროშები საჯაროდ აქამდეც არაერთხელ დაუწვავთ. 2023 წლის 14 მარტს გამართულ აქციაზე, მათ პარლამენტის შენობასთან აღმართული დროშა გაანადგურეს. მაშინ, რადიკალური მოძრაობის ლიდერი ზურაბ მახარაძე, ოთხ სხვა პირთან ერთად, 1000 ლარით დაჯარიმდა.
პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს 2021 წლის 6 ივლისის აქციაზეც. ამ ინციდენტის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა და დღეს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ისჯება ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
