ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში მიიღო. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი უკანსვლა განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 14 ივლისს, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების მუდმივი დაცვის ვალდებულება და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
როგორც ირკვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხში არ იყო ინფორმაცია კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ.
„უმეტეს სფეროში არ ყოფილა ინფორმაცია მოწოდებული რაიმე კორექტირების ზომების შესახებ, ზოგიერთ სხვა სფეროში კი სიტუაცია გაუარესდა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკანონმდებლო აქტების, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის (FARA) გამოყენების გაგრძელება და „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. გამოსწორების ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაიცვა ეს ზომები, მოიხმო ეროვნული სუვერენიტეტი და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.
შესაბამისად, კომისია ასკვნის, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა.
ანალოგიურად, საქართველომ უკან დაიხია ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებშიც. ეს სიტუაცია წარმოადგენს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევას და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რომელზეც სავიზო პოლიტიკაა დაფუძნებული“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
„ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში. დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის გამონაკლისი ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ხელახლა დაწესდება.
მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილ იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ“, – ვკითხულბთ ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ 26 შეთანხმება აქვს დადებული იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის სავიზო მოთხოვნებს ექვემდებარებიან და 2022 წლიდან არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით ჰარმონიზაციისკენ. პირიქით, 2024 წელს საქართველომ უკან დაიხია და უვიზო რეჟიმი მიანიჭა ჩინეთის მოქალაქეებს.
გარდა ამისა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის კანონმდებლობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სავიზო პოლიტიკის გატარებას, კერძოდ, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირსა და საქართველოში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.
ამასთან, საქართველოში ინდოეთიდან და უფრო მცირე რაოდენობით აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ პოტენციური არალეგალური მიგრაციის შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ რჩება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება საქართველოში რუსული გავლენის გამო, განსაკუთრებით სწრაფად მზარდი რუსული დიასპორის გათვალისწინებით. ევროკომისია აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან, დაახლოებით 160 000 რუსეთის მოქალაქე ემიგრირდა საქართველოში.
„იზრდება შეშფოთება, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის ოპერაციებისთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 14 530-მა მოქალაქემ მოითხოვა. როგორც ევროკომისია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ისინი მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე დარჩა.
