ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: არჩევნები არ შეესაბამებოდა კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ იგი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან არის მოსალოდნელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„26 ოქტომბერს საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, აღინიშნა სერიოზული დარღვევებით - დარღვევები დაფიქსირდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე თავად არჩევნების დღეს. მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტის 7 წევრისგან შემდგარი დელეგაციის მიმართ, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ წარმოადგინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაშინებისა და ზეწოლის გარემოზე, რომელიც ახასიათებდა საარჩევნო პროცესს.

ნება მომეცით თავიდანვე განვაცხადო ეს ხმამაღლა და მკაფიოდ: ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან.

მმართველმა პარტიამ ისარგებლა არათანაბარი სათამაშო პირობებით, თავის სასარგებლოდ გამოიყენა თავისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში იარაღად აქცია, პოზიციონირებდა როგორც ერთადერთ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა და მშვიდობა. რეჟიმი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, ამტკიცებდა, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ მიდიოდა და ახშობდა განსხვავებულ აზრს.

ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით ფრაგმენტული იყო და მსგავსი რესურსების ნაკლებობას განიცდიდა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მარგარიტის შინასი შეეხო არჩევნების შემდგომ გამართულ მრავალათასიან მშვიდობიან აქციებს, სადაც საქართველოს მოქალაქეები „უკმაყოფილებას გამოხატავდნენ არჩევნების შედეგებით და ჩატარებით“.  

„ბევრი მათგანი ევროპის დროშას აფრიალებდა და როცა ევროპის დროშას ვხედავთ მომიტინგეების ხელში, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება, არამხოლოდ მათ.

ამ გადამწყვეტი მომენტებიდან ერთი თვის შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ხაზი გავუსვა სამ საკვანძო პუნქტს ევროპულ პასუხთან დაკავშირებით:

  • პირველი - ივნისიდან ევროკავშირმა გადამწყვეტი პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ მნიშვნელოვანი დახმარება - 30 მილიონი ევრო ევროპული ფონდის დახმარების ფარგლებში და 121 მილიონი ევრო პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესიც, შედეგად, შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეცვლის მოქმედების კურსს. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც იქ, როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებად რჩებიან.
  • მეორე - არჩევნებიდან ერთ თვეში, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ძლიერი საჯარო განცხადებებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მოხსენებულ სერიოზულ დარღვევებს. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა უკვე შეიტანა საქართველოს არჩევნების საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ორშაბათს გაიმართება. ეს საშუალებას მოგვცემს, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და შევთანხმდეთ შესაძლო დამატებით ზომებზე.
  • დაბოლოს, მესამე - საქართველოს ხელმძღვანელობასთან ნებისმიერი სამომავლო ხელახალი ურთიერთობა გამყარებული იქნება მკაფიო და მკაცრი პირობებით, რაც ასევე ასახულია ჩვენი კომისიის გაფართოების ანგარიშებში. მთავრობამ უნდა შეასრულოს რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის, კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. მან ასევე უნდა აღკვეთოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილი და რიტორიკა. კონკრეტული ზომები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. „უცხოური გავლენის“ კანონი და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე წინსვლა.

საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები არსებობს და ნათელია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას თბილისში, მით უკეთესი“, - განაცხადა მარგარიტის შინასმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი თვეების განმავლობაში ავლენს ღრმა ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირის გზაზე ქვეყნის წინსვლისადმი.

„მათი მონდომება და გამძლეობა იმსახურებს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. ქართველი ხალხის კომპასი არჩევნებზე ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ფასეულობები, რაც ადრე ვნახეთ გამოხატული მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში. შეიძლება პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ თბილისის ქუჩებში ყოველი ევროპული დროშა, მისი მომიტინგეების ყოველი ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელს, ჩვენს ევროპულ დემოკრატიას, ჩვენს ევროპულ საფუძვლებს, ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს, ევროპულ კანონის უზენაესობას, იმედის სხივს ჩაგვრის წინააღმდეგ“, - თქვა შინასმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდაოა და როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით.

კომისიის მიერ ახლახან მიღებული გაფართოების ანგარიში იძლევა მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის აშკარად მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვეძებთ ერთგულების მკაფიო ნიშნებს როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით“, - თქვა მარგარიტის შინასმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.