გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მთავრობის გამომწვევი პოზიციის საპასუხოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ბრიუსელიდან გაფრთხილებებისა და ქუჩის საპროტესტო აქციების უგულებელყოფით, იღებს რუსეთში მოქმედი კანონის მსგავს საკამათო კანონს, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიასაშუალებებსა და უფლებადამცველ ჯგუფებს, რეგისტრაციას ავალდებულებს.
ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მომავალ კვირაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვას მოითხოვენ. Financial Times-ს ინფორმირებულმა ადამიანებმა განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმების გარდა, განიხილება მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის დაფინანსების გაყინვა.
ევროპული დედაქალაქები განიხილავენ „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“, - ამბობენ ოფიციალური პირები.
Financial Times-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ კანონის მიღებას უახლოეს კვირებში დაასრულებს და საერთაშორისო ზეწოლა დაგმო სამშაბათს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს კონგრესის წევრებიც მოუწოდებენ ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციების დაწესებისკენ. „რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან“, - ციტირებს გამოცემა „ქართული ოცნების“ განცხადებას.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა.
„ფრთხილად უნდა იყო, მიზანში არასწორი ადამიანები რომ არ ამოიღო“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ამასთან, Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი სანქცია, რომელიც 27 ქვეყანას შორის ერთხმად უნდა შეთანხმდეს, შესაძლოა, კიდევ უფრო გადადოს უნგრეთმა, რომელიც საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.