ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ 22 იანვარს განგაშის სიგნალი გამოსცა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. პლატფორმა ამაღლობელის გათავისუფლებასა და მისთვის ბრალის მოხსნას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი ინიციატივაა. პლატფორმა ავრცელებს ინფორმაციას ევროპაში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ საფრთხეებზე, რითაც ცდილობს გააძლიეროს მათზე ევროპის საბჭოს რეაგირება და საბჭოს წევრი ქვეყნების ანგარიშვალდებულება.
13 და 20 იანვარს, პლატფორმამ განგაშის სიგნალები გამოსცა ბათუმში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომელზე, ვეტერან ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე „ქართული ოცნების“ წევრების თავდასხმისა და გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავების შესახებ. უფრო ადრე გამოცემული განგაშის სიგნალი კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის თბილისში დაკავებას და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებას ეხება. ოთხივე შემთხვევაზე განგაშის სიგნალის პირველი დონე მოქმედებს, რაც მოიცავს მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და დამაზიანებელ დარღვევებს, მათ შორის, ჟურნალისტების ხანგრძლივ თვითნებურ დაკავებას ან დაპატიმრებას მათი პროფესიული საქმიანობის ან ჟურნალისტის სტატუსის გამო.
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ევროპის მაუწყებელთა კავშირი, „ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“, „მე-19 მუხლი“ და ა.შ.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
