„გელათის კედლის მხატვრობა ტენიანობის და ხსნადი მარილების დესტრუქციული არსებობის გამო სერიოზული მიმდინარე დაზიანების და მისი დაკარგვის პროცესშია“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელსაც საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ასაჯაროებდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დასკვნის თანახმად, მიმდინარე დაზიანების გაუარესების სიმძიმის გათვალისწინებით, გადაუდებელი მკურნალობა, ჩარევები უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული და ჩატარდეს მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში. ზოგიერთი მკურნალობა, ჩარევა მხატვრობას გაზრდილი საფრთხის ქვეშ აყენებს.

კედლის მხატვრობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია შენობა წყალგაუმტარი იყოს. ამჟამად, მოჭიქული ფილები ხელს უშლის სტრუქტურის გაშრობას ექსტერიერისკენ. მოჭიქული ფილები უნდა მოიხსნას. დროებითი სახურავი უნდა დამონტაჟდეს საკმარისი სათავე სივრცით, რათა შესაძლებელი იყოს ვენტილაცია და ჰაერის მიმოცვლა.

შენობის წყალგაუმტარობის უზრუნველყოფის შემდგომ, გაჯერებული შენობის სტრუქტურის გაშრობას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს. პრაქტიკული წესი არის ის, რომ შენობის სტრუქტურის თითოეული 25 სმ-ის გაშრობას შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. შესაძლებელია, რომ ეკლესიის შენობის გაშრობას სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს მას შემდეგ, რაც შენობა წყალგაუმტარი გახდება.

კედლის მხატვრობის რისკის გათვალისწინებით, რეკომენდებულია კედლის გაშრობა მოხდეს თანდათანობით, რათა თავიდან იქნას აცილებული მარილის დესტრუქციული მოქმედება და განხორციელდეს რეგულარული მონიტორინგი. გაშრობის პროცესის დაჩქარება კედლის გაცხელებით, არ არის რეკომენდებული.

ტენიანობის და მარილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კედლის მხატვრობის დაზიანება არის აქტიური, მიმდინარე და მძიმე. გაუმართავი სახურავით გამოწვეულმა წყლის ინფილტრაციამ გამოიწვია კედლის მხატვრობის დიდი ტენისმიერი დაზიანება და ასევე მოახდინა ხსნადი მარილების ტრანსპორტირება ქვის წყობიდან კედლის მხატვრობაში.

დაშლისა და კრისტალიზაციის გზით გამოხატულმა მარილის აქტივობის განმეორებითმა ციკლებმა დრამატული გავლენა მოახდინა მხატვრობის მდგომარეობაზე, რამაც გამოიწვია ფერწერისა და ნალესობის ფენების გაფხვიერება/დაშლა და ადგილების მნიშვნელოვანი დანაკარგი. გელათში, კედლის მხატვრობის დაზიანების გაუარესება, რომელიც პირველად დაფიქსირდა 2020 წლის თებერვალ-მარტში, აშკარად ჩანს ფერწერის სქემის დიდი ტერიტორიების ფოტოგრაფიული მონიტორინგით. აგრეთვე, ეკლესიის მცველები შეესწრნენ იატაკზე ჩამოცვენილ მასალებს, რომლის რაოდენობაც შემაშფოთებელია. ადგილზე შემოწმების დროს დაფიქსირებული სპეციფიკური მდგომარეობა მოიცავდა საღებავებისა და ნალესობის ზედაპირზე ფართოდ გავრცელებული მარილის გავრცელებას, ფერწერისა და ნალესობის ფენების გაფხვიერებას/დაშლას, ფერწერული ფენის აქერცვლას, ნალესობის ფენის განშრევებას და მიკრობიოლოგიური ზრდის ნიშნებს. რეკომენდებულია მდგომარეობის სრული გამოკვლევა ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე განხორციელებულია 2021 წლის ივნისში.

შემოთავაზებული გადაუდებელი ჩარევები შემაშფოთებელია, ეს ეხება დაგეგმილ ჩარევებს - აქერცვლის ფიქსაციის, გამაგრების/კონსოლიდაციის, მარილების შემცირების, ჩასხმის და კიდეების გამაგრების მასშტაბს/მოცულობას და შემოთავაზებულ მასალებსა და მეთოდებს. ბათქაშისა და ფერწერის დამუშავებისათვის შემოთავაზებულია შესაძლო მასალები და მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია აკრილზე, ნანომასალებზე, სილიკატებზე, ფოსფატებსა და ოქსალატებზე, მაგრამ ყველა ეს მასალა არ არის თავსებადი ამ მხატვრობის ორიგინალ ტექნოლოგიასთან ან არ არის შესაბამისი მიმდინარე ტენიანობის და მარილის პრობლემისა.

მდგომარეობის ადგილზე დაკვირვებამ გამოავლინა ძალიან თხელი ფერწერის ფენების არსებობა ბათქაშზე, რომლებიც მდიდარი იყო ორგანული ბოჭკოებითა და ჩანართებით. გელათის კედლის მხატვრობა შეიცავს დიდი რაოდენობის არაორგანულ შემკვრელს (კირი, თაბაშირისა და მაგნიუმის კარბონატებით), ამოუცნობ ორგანულ შემკვრელებს და ბუნებრივ ბოჭკოებს. საჭიროა დადგინდეს მხატვრობისა და ნალესობის მგრძნობელობა წყალზე დაფუძნებული მეთოდების მიმართ. წყალმა შეიძლება გამოიწვიოს მარილების, საღებავების ფენების და მათი კომპონენტების დაშლა და გავრცელება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხატვრობის გაჯირჯვება და საბოლოოდ გამოიწვიოს ფერწერის დაკარგვა.

გელათში არსებული ვითარება მოითხოვს მის მიმართ მიდგომისა და პრაქტიკული სამუშაოს შეცვლას. ის საჭიროებს დაუყოვნებლივი მოთხოვნების დაბალანსებას, რათა მოხდეს გარდაუვალი დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი არეალების დასტაბილურება ჩასატარებელი პრევენციული ზომების საშუალებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მარილის შემდგომი გაუარესება“, - აღნიშნულია დასკვნაში.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ ოსტინ ნევინი, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტი, ლონდონი; სარა სტენიფორსი, IIC-ს ყოფილი საპატიო პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფო; ლორინდა ვონგი, გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატები; ფრანჩესკა პიკე, სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებების და ხელოვნების უნივერსიტეტი. ექსპერტებმა გელათის მონასტერში არსებული ვითარება 2022 წლის მაისში შეისწავლეს.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ორი თვის წინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „გელათში დღეს პროცესი სწორ გზაზეა“ და პასუხს არ აგებს იმაზე, რაც იქ 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომ წლების მანძილზე ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს სერიოზული საფრთხე ექმნებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა.

მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა. 2008 წლიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდზე კულტურის მინისტრი არ და ვერ აგებს პასუხს.

2008 წლიდან მოყოლებული გელათის კომპლექსთან დაკავშირებით არ არსებობდა სრულყოფილი დოკუმენტები და ოქმები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა სახურავის რეაბილიტაციის დაწყებიდან. ჩვენ შევძელით, 2021 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, კოვიდის პირობებში, UNESCO-ს დარწმუნება, რომ შეეკრა გუნდი მსოფლიოში ცნობილი  არქიტექტორ-რესტავრატორის უგო ტონიეტის ხელმძღვანელობით და მსოფლიოში ცნობილი ტაძრის კლიმატოლოგის ალესანდრო მასარის მონაწილეობით, რათა ისინი ივნისში ჩამოსულიყვნენ საქართველოში, რაც წარმოუდგენელი იყო კოვიდის პირობებში. ჩვენ 950 000 ლარი გამოვყავით და შევიძინეთ ხარაჩოები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტს, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს და რაც მთავარია, მთლიანად ფარავს შიგნით ტაძარს. ასე მოეწყო ხარაჩოები და მას შემდეგ მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი კედლის მხატვრობაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

მაისში ჩატარებული კვლევის შედეგად მომზადებულ დასკვნაზე კულტურის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებენ. გელათის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია „იუნესკოს“ ექსპერტების ჩამოსვლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).