საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალგაზრდები პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „სასულიერო პირის მოწმობებით“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას თავს ვეღარ აარიდებენ. პრემიერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვფიქრობ, ალბათ, ქვეყანაში არ მოიძებნება ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. რეალურად, ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება?! ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარებთ კიდეც. გეტყვით ახლა როგორ: ესე იგი, აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ [„პარტია“ გირჩის ყოფილი ლიდერი] - დიდი პატივია მისი გვარის ხსენება მთავრობის სხდომიდან, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ, ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიციხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა.
ეს საკითხი ჩვენ გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგზარდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის, რა შეიძლება იყოს?! ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებულია“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს. კერძოდ,
მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან. ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო-სამხედრო მომზადების პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 6, 8 ან 11 თვით განისაზღვრება. გარდა ამისა, 23 წლამდე სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტობის პერიოდშივე გაიარონ, ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში დაახლოებით ერთი თვე, სამხედრო ბაზაზე ინტენსიური მომზადდების პროგრამაში ჩაერთვებიან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, მათ რიგითის წოდება მიენიჭებათ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ერთი მხრივ, ეს მავნებლობა დავარეგულირეთ და მოვაგვარეთ, მეორე მხრივ, ეს იქნება ძალიან ეფექტური პროგრამა - გაზრდის ჯარის პოპულარობას, ახალგაზრდებში ავამაღლებთ პატრიოტულ, სამხედრო სულისკვეთებას, მიეჩვევიან სხვა უნარ-ჩვევებს, სამხედრო დისციპლინას და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული რეფორმა გამოგვივა. რაც მთავარია, შეიძლება ითქვას, რომ ათ წელიწადში, მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდება ეს პროგრამა (მანამდეც შეიძლება ეს), მინიმუმ 100 ათასკაციანი რეზერვი გვეყოლება ქვეყანას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარტია „გირჩი“ განცხადებით გამოეხმაურა და მოუწოდა ათიათასობით ახალგაზრდას, რომლებმაც „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობით ისარგებლეს, ღიად გამოხატონ თავისი პოზიცია და დაიცვან მოპოვებული თავისუფლება:
„ჩვენ წლებია ვებრძვით მონობას. მონობა ადამიანის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია. ჯარისკაცობის იძულება (სავალდებულო გაწვევა) მონობაა. ჯარში ის ადამიანები უნდა მსახურობდნენ, ვისაც სურს ქვეყნის დაცვა პროფესიად გაიხადოს. ხოლო პროფესია დაფასებულია, როდესაც ის ნებაყოფლობითი და მაღალანაზღაურებადია. დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ ოფისში მოდის, ხელს აწერს პეტიციას სავალდებულო ჯარის გაუქმების თაობაზე. 7000-ზე მეტი ასეთი პეტიცია გვაქვს დაგროვებული. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია“.
პარტია „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანია 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს, რისთვისაც წვევამდელებზე მღვდელთმსახურის მოწმობას გასცემს. საქართველოს კანონმდებლობა ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
6 თვის ვადით გაცემული „სასულიერო პირის მოწმობა“ 50 ლარი ღირს, მაშინ, როცა ერთი წლით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოსაკრებელი 2000 ლარია.
„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახურის მოწმობით 50 ათასამდე ახალგაზრდამ ისარგებლა. „გირჩი“ აცხადებს, რომ მათ მიერ დაწყებულმა პროექტმა სავალდებულო სამხედრო გაწვევა ფაქტობრივად გააუქმა.