უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქში, ლიმანში შევიდნენ. Telegram-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცები ქალაქის შესასვლელში უკრაინის დროშას ამაგრებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, ჯარები ლიმანის დასახლებული პუნქტიდან გაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
1-ელ ოქტომბერს, დილით, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლიმანში ალყაში დაახლოებით 5 ათასი რუსი სამხედრო ჰყავდათ.
„ოკუპანტებმა თავიანთ ხელმძღვანელს სთხოვეს, გასვლის შესაძლებლობა მიეცა, რაზეც უარი მიიღეს. ახლა მათ მოქმედების სამი ვარიანტი აქვთ: ან გარღვევა სცადონ, ან დანებდნენ, ან ერთად დაიხოცონ“, - ამბობდა გაიდაი.
ლიმანის დაკარგვას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა. მან Telegram-ში გააზიარა ქალაქის შესასვლელში უკრაინის დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეო და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი გააკრიტიკა. კადიროვი წერს:
„ამ ნაწილის [ლიმანის] თავდაცვას ხელმძღვანელობდა სწორედ ის ლაპინი, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო ლისიჩანსკის აღების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ დე ფაქტო არ იმყოფებოდა. ლაპინს დაუქვემდებარეს დასავლეთ სამხედრო ოლქის ჯარებიც. გენერალ-პოლკოვნიკმა ლიმანის მიმართულების ყველა საზღვარზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მობილიზებული მებრძოლები და სხვა დანაყოფები განათავსა, მაგრამ არ უზრუნველყო მათთვის საჭირო კომუნიკაცია, ურთიერთქმედება და საბრძოლო მასალის მიწოდება. ორი კვირის წინ, „ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმის გენერალ-მაიორმა, ჩემმა ძვირფასმა ძმამ, აპტი ალაუდინოვმა პირადად მომახსენა, რომ ჩვენი მებრძოლები შეიძლება მარტივი სამიზნე გამხდარიყვნენ. მე საფრთხის შესახებ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ვაცნობე, მაგრამ გენერალმა დამარწმუნა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა ლაპინის მეთაურობის ნიჭში და არ სჯეროდა, რომ უკან დახევა შესაძლებელი იყო.
ერთი კვირის შემდეგ, ლაპინმა თავისი შტაბი სტარობილსკში გადაიტანა, მის დაქვემდებარებაში მყოფთაგან ას კილომეტრში, თავად ლუგანსკში ზის. როგორ შეიძლება სწრაფად მართოთ დანაყოფები, თუ მათგან 150 კილომეტრის დაშორებით ხარ?
ელემენტარული სამხედრო ლოგისტიკის არარსებობის გამო, ჩვენ დღეს დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დიდი ნაწილი. საწყენი ის კი არ არის, რომ ლაპინი უნიჭოა, არამედ ის, რომ ზემოთ, გენშტაბში ხელმძღვანელები აფარებენ ხელს. ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგით ჯარისკაცამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ხელში ავტომატით გავუშვებდი წინა ხაზზე საკუთარი სირცხვილის სისხლით ჩამოსარეცხად. გუშინ აღლუმი იზიუმში, დღეს დროშა ლიმანში, ხვალ რა იქნება? ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასე ცუდად რომ არ იყოს?“.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, რუსები ლიმანს, სექტემბრის დასაწყისში გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან ერთად, იყენებდნენ როგორც ერთ-ერთი დასაყრდენ პუნქტს სლავიანსკზე თავდასხმებისთვის. ლიმანის აღებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, გააკონტროლონ ქალაქ სვატოვედან კრემინამდე მიმავალი გზა, რომელიც რუსებისთვის მნიშვნელოვანია ლუგანსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში მყოფი ჯგუფების მომარაგებისთვის.
რუსეთის ჯარებმა ლიმანი მაისში აიღეს. ქალაქი რამდენიმე თვე იყო ოკუპირებული 2014 წელსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალები მას მეორედ ათავისუფლებენ.
გუშინ, 30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთის შემადგენლობაში შედიან ოლქების 2014 წლისთვის არსებული საზღვრებით - ტერიტორიებით, რომელთაც ახლა უკრაინა აკონტროლებს. იგივე ეხება ზაპოროჟიეს ოლქსაც, რომლის მთავარი ქალაქი - ზაპოროჟიე არასდროს ყოფილა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ახლაც კიევის მიერ კონტროლდება.