გვარამია: შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში დავეთანხმეთ სისტემას, რომელსაც არ ვიცნობდით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაზე თანხმობა ოპოზიციის ყველაზე დიდ შეცდომად დაასახელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით. ეს იყო შეცდომა. ვაღიროთ ყველამ - პოლიტიკურმა, არასამთავრობო და საზოგადოებრივმა სპექტრმა. სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში. შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ კოალიციის ღონისძიებაზე, სადაც მედიას არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გააცნეს.

გვარამიამ არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, „უბრალოდ მთავრობას შეუძლია ამას ხელი შეუშალოს“.

„ევრორეკომენდაციის მეოთხე პუნქტი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“. არსებობს პოლიტიკური და სამართლებრივი წინაპირობა იმისთვის, რომ თავად ევროკავშირმა შექმნას სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნა გვარამიამ.

მისი განცხადებით, ამას შეიძლება დაერქვას გამოძიება ან შესწავლა - რასაც ადგილაზე ჩამოსვლაც არ სჭიდება.

„პირდაპირ, ჩვენს მიერ, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მტკიცებულებების, ანალიტიკური მასალის და შეფასებების, ასევე მთავრობის მიერ მიწოდებული მასალების, საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციის საფუძველზე, ჩაატარებს შესწავლის სამუშაოს და დადებს დასკვნას - იყო ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა აღიაროს როგორც ამ მოთხოვნის შესრულება, თუ არ იყო და შესაბამისად, არ უნდა აღიაროს საერთოდ ამ პრინციპით არჩეული მთავრობა. თუ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ დროს წაიღებს, ეს არის ის, რომ ჩამოვიდეს და დიდმა მისიამ დაიწყოს შესწავლა. ამას დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა გვარამიამ. მისთვის უფრო მისაღები „შეფასებითი მისიაა“.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ ისაუბრებენ, ახალი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა.

„საერთაშორისო ადმინისტრაციის მეშვეობით არჩევნების ჩატარება მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მთელი ევროკავშირი ჩამოვიდეს და თვითონ დასხდნენ კომისიებში, იქ უნდა ისხდნენ მიუკერძოებელი ადამიანები, ისინი უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას და ასევე, მათ მიერ შერჩეული პირები. სიმართლე გითხრათ, მე პოლიტიკური პარტიების მიერ უბნებზე დანიშნულ ადამიანებსაც არ ვენდობოდი. არავითარი პარტიული პარიტეტი არ არსებობს, როდესაც ქვეყანაში გყავს მილიარდერი, რომელიც ყველაფერს ყიდულობს - საუბნო კომისიის პარტიულ წევრებს კი არა, მთელ პარტიებს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები. რა ფორმით მოხდება ეს - ჩამოვლენ და კომისიებში თითო ადამიანი დაჯდება, ოლქებში თითო და ცესკო მთლიანად იქნებიან თვითონ, თუ ჩამოვლენ და ჩაატარებენ რაღაც პროცედურას, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს (ხომ არსებობს ხალხი, ვისაც ყველა ვენდობით ამ ქვეყანაში?!) მისცემენ შესაძლებლობას, ძირითადი გამწევი ძალა იყვნენ, თუ რაღაც პარტიული მონაწილეობაც იქნება და ა.შ., ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა გვარამიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.034%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.17%)
  • „ძლიერი საქართველო“ (8.808%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ (7.777%)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.