ჰააგის სასამართლოს პროკურორი ისრაელის და ჰამასის ლიდერების დაპატიმრების ორდერებს ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და ჰამასის სამი ლიდერის - იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის და ისმაილ ჰანიეს დაპატიმრების ორდერების გაცემა მოითხოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურორ კარიმ ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი პასუხისმგებლები არიან ღაზას სექტორში, სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან ჩადენილ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებზე.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩადენილი იყო როგორც პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართო და სისტემატური თავდასხმის ნაწილი, სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად. ეს დანაშაულები, ჩვენი შეფასებით, დღემდე გრძელდება“, - განაცხადა პროკურორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შიმშილი და ძალადობის სხვა აქტები გამოყენებული იქნა როგორც საშუალება ჰამასის ლიკვიდაციის, გატაცებული მძევლების დაბრუნებისა და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიური დასჯის მიზნით.

„შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენების შედეგები, სხვა თავდასხმებთან და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯასთან ერთად, მწვავე, თვალსაჩინო და ფართოდ ცნობილია. ეს დადასტურებულია ჩემი ოფისის მიერ გამოკითხული მრავალი მოწმის მიერ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ექიმებიც არიან. ეს მოიცავს, არასრულფასოვან კვებას, გაუწყლოებას, ღრმა ტანჯვას და სიკვდილიანობის მზარდ რიცხვს პალესტინის მოსახლეობაში, მათ შორის ჩვილებში, ბავშვებსა და ქალებში.

ისრაელს, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოს, აქვს უფლება მიიღოს ზომები თავისი მოსახლეობის დასაცავად. თუმცა, ეს უფლება არ ათავისუფლებს ისრაელს ან რომელიმე სახელმწიფოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებისგან. სამხედრო მიზნების მიუხედავად, ის საშუალებები, რომლებიც ისრაელმა აირჩია მათ მისაღწევად ღაზაში - კერძოდ, მიზანმიმართულად სიკვდილის გამოწვევა, შიმშილი, დიდი ტანჯვა და მშვიდობიანი მოქალაქეების სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება - კრიმინალურია“, - თქვა პროკურორმა.

კარიმ ხანის განცხადებით, გამოძიებას აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ჰამასის სამ ლიდერს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და ღაზას სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ჩადენილ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებებზე. ჰამასის ლიდერების მიმართ ბრალდებები მოიცავს განადგურებას, მკვლელობას, მძევლების აყვანას, სექსუალურ ძალადობას, წამებას და პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას. პროკურორის თქმით, ჰამასის სამივე ლიდერი პასუხისმგებელია 7 ოქტომბერს დაჯგუფების ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ისრაელის ასობით მოქალაქის მკვლელობაზე.

„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისრაელიდან აყვანილი მძევლები არაჰუმანურ პირობებში იმყოფებოდნენ და რომ ზოგიერთი ტყვეობაში ყოფნისას განიცდიდა სექსუალურ ძალადობას, მათ შორის გაუპატიურებას. ჩვენ ამ დასკვნამდე მივედით სამედიცინო ჩანაწერების, თანადროული ვიდეო და დოკუმენტური მტკიცებულებების, მსხვერპლებთან და გადარჩენილებთან ინტერვიუების საფუძველზე. ჩემი სამსახური ასევე აგრძელებს 7 ოქტომბერს განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობების გამოძიებას“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის მოთხოვნა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ და შეაფასონ, არსებობს თუ არა მტკიცებულებები დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას, ხოლო პალესტინამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ხელი 2015 წელს მოაწერა. თუ პროკურორის მოთხოვნას მოსამართლეები მხარს დაუჭერენ, წესდების ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან, ბრალდებულები დააკავონ, თუ ისინი მათ ტერიტორიაზე შევლენ. რომის წესდების ხელმომწერ 124 სახელმწიფოს შორის არ არიან არც აშშ, რუსეთი და ჩინეთი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნას აღმაშფოთებელი უწოდა. „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, არ არსებობს ტოლობა, არცერთი, ისრაელსა და ჰამასს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ“, - თქვა ბაიდენმა.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტები თავს დაესხნენ ისრაელს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი მოკლეს და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს. თავდასხმის შემდეგ ისრეალის თავდაცვის ძალებმა, ცაჰალმა, ღაზას სექტორში ბრძოლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.