ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) აცხადებს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანონი იმ სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ჯგუფების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სასჯელების დასაწესებლად, რომლებიც უარს იტყვიან „უცხოელ აგენტებად“ რეგისტრაციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
Human Rights Watch-ის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კანონპროექტი აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) ზუსტი ასლია, მაგრამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციების თანახმად, FARA მიზნად ისახავს შიდა პოლიტიკაზე უცხო ძალების პირდაპირი გავლენის მონიტორინგს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად, არამედ მოქმედებენ მთლიანად მათი დირექტორების დირექტივებისა და კოორდინაციის შესაბამისად.
გარდა ამისა, Human Rights Watch-ის განცხადებით, FARA უცხოური დაფინანსების მიღებას უცხოელი სუბიექტის ხელმძღვანელობის და კონტროლის ქვეშ ყოფნასთან არ აიგივებს. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ კანონპროექტში უცხოელი პრინცილის „გავლენის“ ზედმეტად ფართო განმარტება საშუალებას იძლევა ის ბოროტად იქნეს გამოყენებული დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ.
„ეს კანონი, თუ მას მიიღებენ და ძალაში შევა, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს მისცემს ყალბ არჩევანს - მიიღონ უცხოელი აგენტის დაუსაბუთებელი და მასტიგმატიზებელი იარლიყი, დადგნენ ციხის ან დევნილობის საფრთხის ქვეშ ან მთლიანად უარი თქვან თავიანთი საქმიანობაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრულს. მთავრობა საქართველოს უფრო ღრმად ძირავს ადამიანის უფლებათა კრიზისში“, - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა 31 მარტის კვირაშია დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი მიღების შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან 1 ცენტს მაინც იღებს.
„უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციაზე უარი და კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა დაისჯება 10 000 ლარამდე ჯარიმით ან/და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მესამედ ცდილობს რუსული კანონის მიღებას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის მესამედაც ვერ აღსრულდეს.
