პაპუაშვილი: გაქვს დაფინანსება 1 ცენტი მაინც? შევისწავლით ატარებ თუ არა დამკვეთის ინტერესებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკაში მოქმედი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტიდან“ (FARA) „სიტყვასიტყვით გადმოწერილ“ კანონს მიიღებენ, ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან 1 ცენტს მაინც იღებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სპეციალურად, სიტყვასიტყვით არის ეს კანონი გადმოწერილი. იცით, რომ ინიცირებულ ვერსიაში სპეციალურად ამერიკული ტერმინებიც კი დავტოვეთ და შემდეგ შევასწორეთ ტერმინების დონეზე მხოლოდ. სიტყვასიტყვით არის ის, რაც არის ამერიკაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ასზე მეტმა ორგანიზაციამ დღეს, 24 მარტს, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

საპასუხოდ პაპუაშვილი ამბობს, რომ განცხადების ავტორებმა აშშ-ის საელჩოს უნდა მიმართონ, „თუკი რამე არ მოსწონთ ამ კანონში“.

„საკითხი არის მარტივად: ჩვენს მოქმედ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა შემდეგი კრიტერიუმი - იღებ 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან, დარეგისტრიორდი და გახადე საჯარო შენი ფინანსები. თქვეს, რომ ესეთი იყო მიუღებელი. მეორე არის ამერიკული მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ - გაქვს უცხოური დაფინანსება 1 ცენტი მაინც? ჩვენ შევისწავლით ატარებ თუ არა უცხო დამკვეთის ინტერესებს და თუ ატარებ, მაშინ გექნება ვალდებულება, დარეგისტრირდე. არის ორი მიდგომა - ერთი არის ავტომატური გამჭვირვალობა ყველა ორგანიზაციის, რომელიც 20%-ზე მეტს იღებს, ეს არის მოქმედი გამჭვირვალობის კანონი და ამას უწოდეს რუსული კანონი და მეორე არის ამერიკული მიდგომა -

მნიშვნელობა არ აქვს 20%, 1%, 0.001%, 1 ცენტიც თუ გაქვს უცხოური დაფინანსება, მაგრამ შენი არსით წარმოადგენ უცხო ქვეყნის ინტერესებს, მაშინ უნდა გახადო საჯარო შენი ფინანსები. ამიტომ ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და ყოველ შემთხვევასთან, ყოველ ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება.

ეს არის სხვაობა გამჭვირვალობის კანონსა და „ფარას“ შორის. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით წინასწარ შეგვეძლო ცოდნა, თუ ვის უწევს გასაჯაროება საკუთარი უცხოური ფულის. რაც შეეხება „ფარას“, წინასწარ ვერ გვეცოდნიება, ვინ უნდა დარეგისტრირდეს ამ რეესტრში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებაა მისაღები“, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასულ წელს მიღებულმა რუსულმა კანონმა მათ „ძალიან კარგი შედეგი“ მისცა, რადგან დღეის მდგომარეობით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში 400-მდე ორგანზიაციაა რეგისტრირებული.

არალეგიტიმურმა პარლამენტმა „FARA-ს ზუსტ თარგმანს“ მეორე მოსმენით მხარი 18 მარტს დაუჭირა. კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ერთი მოსმენაა დარჩენილი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონის მიღების მიზანია „გამჭვირვალე გახდეს უცხო ძალისგან ჩარიცხული ნებისმიერი თანხა, დაფინანსება და განხორციელებული საქმიანობა“. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.

კანონის დამტკიცების შემდეგ, „ქართული ოცნება“ აპირებს გააუქმოს ე.წ. უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც შარშან მიიღო.

დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვერც ახალი კანონი აღსრულდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.