სამოქალაქო აქტივისტმა, Facebook- ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი სახლის ჩხრეკისა და გამოკითხვაზე გადაყვანის საფუძველი 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქციის შესახებ პოსტის გაზიარება გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
„აღმოჩნდა, რომ „პუბლიკის“ მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში. წეღან გავიცანი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გოგონა, სახელი და გვარიც არ ვიცი, სავარაუდოდ, ჩხრეკა მასთანაც ჩატარდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტურ შეკრებაზე და მარშზე პოსტი დაწერა „დაიტოვეში“.
დღეს უბრალოდ Facebook-ის პოსტის გაზიარების გამო შეიძლება ადამიანები გახდნენ ჩხრეკის მსხვერპლი.
უკვე მეორე წრეზე ტექნიკის ფარეშე მტოვებენ. ეს ალბათ ძალადობის კიდევ ერთ-ერთი იარაღია“, - თქვა ილია ღლონტმა, რომლის სახლშიც ჩხრეკა 2024 წლის დეკემბერშიც ჩატარდა.
„ამჯერად, წინასგან განსხვავებით, არც „ლაივის“ გაშვების უფლება არ მომცეს, ტელეფონი ეგრევე ჩამომართვეს, სრულ იზოლაციაში ვიყავი, სახლში პოლიციების გარდა არავინ იყო. საბოლოო ჯამში, თვითონ პრობლემა მდგომარეობს ამ რეჟიმის სისტემატურ უსამართლობაში, გასული არიან არა მარტო კონსტიტუციიდან, ყველანაირი მორალის ფარგლებიდანაც გასულები არიან.
ალბათ, ეძებენ ვიღაც ორგანიზატორებს. თვითონ არიან ამის ორგანიზატორები, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შექმნეს ეს სიტუაცია ქვეყანაში და ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რაც ახლა ხდება.
იმაში, რომ ხალხი თვითორგანიზებით მიდის ამ აქციებზე, ითხოვს მეტ და ფართო პროტესტს, ისინი არიან დამნაშავეები და ამ მოქმედებით ამას ვერანაირად ვერ გააჩერებენ. პირიქით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ამ კრიზისის გაღმავებისთვის“, - განაცხადა ღლონტმა.
1-ელ თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი ადმინისტრატორის, მხატვარ ნენსი ვოლანდის საცხოვრებელი ბინაც გაჩხრიკეს. მან პოლიციაში გამოკითხვაზე გაყოლაზე უარი თქვა. ჩხრეკა ჩატარდა ისაკო დევიძის სახლშიც, რის შემდეგაც ის, პოლიციისადმი დაუმორჩიელბელობის საბაბით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ში განაცხადეს, რომ თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
2 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვაა დაგეგმილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დედაქალაქში შესასვლელი და გასასვლელი ცენტრალური გზები სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში 31 იანვარს დაამატა.