შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას „გარდაცვალება“ უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან „კიდევ რაღაცები“ გააძლიერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მიმდინარეობს პატრულირება [საოკუპაციო ხაზთან] და ბევრი რაღაც კეთდება. ყოველთვის ღიად ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება, როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია. ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 400 კილომეტრია. არაერთხელ მილაპარაკია, შესაძლოა, მეათედ ვსაუბრობ ამაზე, რომ 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია, რაც არ უნდა თანხები მოგვცენ... მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გავხდეთ 40 000 კი არა, 100 000. კი ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ვერ მოხდება ფიზიკურად“, - უპასუხა გომელაურმა ოპოზიციის შეკითხვას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას და უკანონო დაკავებების პრევენციას ეხებოდა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კი არა, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს“ და „ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“.
„100%-ით საზღვრები, მგონი, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში აქვთ დაკეტილი. მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-ით დახურული ჰქონდეს საზღვრები, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზია, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით. მე, რა ვიცი, ათი წელია ხელმძღვანელი პირი ვარ, ორი წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ვკურირებდი მაგ მიმართულებას. ძალიან ბევრი ინფორმაცია [გვაქვს] და ძალიან ბევრი გვიმუშავია, მათ შორის, პარტნიორებთანაც, არამარტო ქართველებთან, ამის გამოსავალი, რომ ეს გააკეთე და [საზღვარი] გადახურული იქნება 100%-ით, მე არ ვიცი. ვერავინ გვეუბნება.
მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაც გავაკეთოთ. თუმცა, იმ გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ, კიდევ რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო ახლა. ბარემ, პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. კამერებიც შეძლებისდაგვარად დამონტაჟებულია, არის კონტროლი, თუმცა მარტო კამერა ვერ შველის ადამიანის გადასვლას ან დაკავებას. იმ მიმართულებით, რაც სამწუხაროდ მოხდა, იცით, ჩვენ იქ არ გვაქვს უფლებამოსილება - ვერც გამოძიებას ჩავატარებთ, ვერც ექსპერტიზას ვატარებთ და ვერც ვერავის დავაკავებთ ცხინვალში. ეს ახალი და პირველი არ არის და ჩემი მინისტრობის დროს არ არის. ეს იყო 2012 წლამდე და დღესაც მასეა“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, 58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფელში მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი ოთხი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. 7 ნოემბერს, ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს საოკუპაციო ხაზს იქით მოქცეული ლომისის ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა. რამდენიმე თვით ადრე ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ.
ლევან დოთიაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ნოემბერს გაათავისუფლა. ის იხსენებდა, რომ ლომისის ეკლესიასთან რუს ჯარისკაცს კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ, თუმცა მოულოდნელად, ის მასსა და თამაზ გინტურს დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა.
მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის ამიტომაც მოკლეს.