IRI: საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% - ენმ-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის რეიტინგი შემცირებულია. მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 19% მისცემდა. გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 25% იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ 20%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 14%-ის არჩევანი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. 3-3% უჭერს მხარს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

2%-იანი მხარდაჭერა აქვთ პარტიებს - „ლეიბორისტები“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის“ და „მოქალაქეები“. 1-1% ხმას მისცემდა ისეთ პარტიებს, როგორებიცაა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“.

კვლევაში ცალკე არის გამოყოფილი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლები მათ უჭერს მხარს.

შეკითხვაზე, რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, პასუხები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ – 16%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 13%; „გირჩი“ – 13%; „ევროპული საქართველო“ – 13%; „ლეიბორისტული პარტია“ – 8%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 7%; „დროა“ – 7%; „ლელო“ – 6%; „ხალხის ძალა“ – 5%; „საქართველოსთვის“ – 4%; „მოქალაქეები“ – 3%; „ხალხისთვის“ - <1%.

გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. ჯამში 54% ამბობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად ან სრულად წარმოადგენს მათ ინტერესებს. კვლევის მონაწილეთა 78%-ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

შეკითხვაზე, ენდობით თუ არ ენდობით ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა 46%-მა თქვა, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა, 39% არ ენდობა, 13% ენდობა, ხოლო 2%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.  

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში IRI-ის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები „IPM“-მა განახორციელა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.