„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED] საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
კენჭისყრის დღის დაკვირვების შემაჯამებელი განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9%-ზე არ იყო დაცული კენჭისყრის ფარულობა. ამავე რაოდენობის უბნებზე გამოვლინდა მარკირების შემოწმებისა და გაკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები. დამკვირვებლებმა უბნების 31%-ზე გამოავლინეს პარტიის კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები უბნის გარე პერიმეტრზე. ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება, ხოლო 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა.
