საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემას უკრძალავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობის შემცირებას საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არაუმეტეს 0.04%-მდე (0.05%-დან).
კანონპროექტის ინიციატორები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან. ისინი პარტიათა დაფინანსების წესის დაჩქარებულად შეცვლას 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებითა და ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებით ხსნიან.
„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ. ასევე, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და შესაბამისად, ქმნის სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. იმისათვის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება“, - წერენ კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის გათვალისწინებულია დაჯარიმება აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დეოლიგარქიზაციასთან კავშირი არ აქვს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს ინიციატივა გაასაღოს როგორც ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს შავი ფულის მეშვეობით, არადეკლარირებული ფულით, რომელიც არ ჩანს. ამიტომ, შეზღუდავს თუ არა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების შესაძლებლობას, ამას არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „დეოლიგარქიზაცია“ ყველასთვის, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ნიშნავს ივანიშვილის გავლენის შეზღუდვას სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ივანიშვილის ძალაუფლების შესუსტებას არ ემსახურება და ამიტომ, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოტყუების მცდელობა“, - ამბობს გიგა ლემონჯავა, პარტია „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა 2023 წლის 12 ივნისს გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქიასთან ბრძოლის „სისტემური“ მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდა. კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების წესების გაძლიერება.
მოქმედი კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ. თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში - 120 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი თანხა; პარტიის ანგარიშზე იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა; პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).
