პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით დაამტკიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან, რომელმაც ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, დაჟინებით ითხოვდნენ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას, რაზეც მან უარი თქვა. ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.
„ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას [იგულისხმება უჩა აბაშიძის სისხლის სამართლის საქმე] კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში“ და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
გიორგი მსხილაძის განცხადებით, კანონის არსი, პრინციპები და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
„მიღებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზირებას და დისკრედიტაციას, აღვივებს საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობას, შიშსა და მტრულ განწყობებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ეზღუდება თავისუფალი საქმიანობა, ფინანსურ რესურსებზე წვდომა. კანონში გამოყენებული ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ იწვევს მათ საჯარო სტიგმატიზებას. ამასთან, ხელისუფლების ზედამხედველობა, ანგარიშგებისა და სხვა ვალდებულებების დაწესება, სოლიდურ ჯარიმებთან ერთად ყველა წინაპირობას ქმნის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებისა და საბოლოოდ მათი გაუქმებისთვის“, - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
„ქართული ოცნების“ წევრებმა პრეზიდენტის არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინეს.
„რაც ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ, სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, თურმე საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე უნდა წარმოადგინონ. მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შინაარსობრივი და საქმიანი განხილვა ყოფილიყო. ვიღებდით შეურაცხყოფას ის, რაც იკადრა. მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა. ამასთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული შეკითხვები დავსვით, იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ამიტომ ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევის საკითხის გატანას 28 მაისის პლენარულ სხდომაზე აპირებს. ამისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას აქვს. ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭს ხელახლა უყრის და მიიღებს. თუ პრეზიდენტი კანონს ხელს ისევ არ მოაწერს, მაშინ მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.