ივანიშვილმა მაკრონს „განუმარტა“, რომ „საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ელისეის სასახლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში საპროტესტო აქციების დროს თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი განმარტება მოაყოლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მორიგ განცხადებაში.

როგორც პარტიაში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

„გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.

სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა და როგორც „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, ის ერთ საათს გაგრძელდა. კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გაავრცელა, თუმცა გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა  დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, მოითხოვა ყველა თვითნებურად დაკავებულის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა. გარდა ამისა, მაკრონმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ ტრაექტორიას გადაუხვია. ემანუელ მაკრონი პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოწოდებითაც გამოვიდა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და მიღწეული პროგრესი შეფასდება.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. აქციების ფარგლებში სხვადასხვა საფუძვლით დაკავებულია 500-მდე ადამიანი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.