ჯაფარიძის და მოსიაშვილის დაკავების ადგილზე ვიდეოკამერების ჩამწერი დაზიანებული აღმოჩნდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლოში / რადიო თავისუფლების ფოტო

პარლამენტის მიმდებარედ 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვლის დაკავების ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად დაზიანებული იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ჯაფარიძისა და მოსიაშვილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს (პირადი წარდგენით) და ნიკა მოსიაშვილს (სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნათ.

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი აქციაზე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. ისინი პოლიციისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას უარყოფენ. ჯაფარიძის თქმით, უკანონოდ დაკავების შემდეგ 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უწყების ეზოში შეიყვანეს, სადაც ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს. აღნიშნულ ქუჩაზეა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შენობა.

„მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც საუბარი შევწყვიტე. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგნლები იყვნენ, ყველას ნიღბები ეკეთა, არავის სახე არ ვიცი, თვალები მახსოვს“, - ამბობდა ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიის წევრები 9 მარტს, წინასწარი დაკავებისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი პროცესი გადაიდო. ნიკა მოსაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა ზურაბ ჯაფარიძეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 7-9 მარტის აქციების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჯამში 123 შეტყობინება მიიღეს. შეტყობინებები აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. სამსახურის განცხადებით, შსს-დან გამოითხოვეს ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლების ვინაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა. ამ დროისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბრალი შსს-ს არცერთი თანამშრომლისთვის არ წარუდგენია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.