„ლაპარაკის გამო გვცემდნენ“ - ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 10 მარტისთვის გადადო. ჯაფარიძე და მოსიაშვილი, 7 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სპეცრაზმელებმა მას ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პროცესი გადაიდო იმიტომ, რომ ჩაგვიტარდა სამედიცინო გამოკვლევა და დაადგინეს, რომ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაყვანას ვექვემდებარებით, რადგან შესაძლოა მიღებული გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები“, - განაცხადა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსულმა ჯაფარიძემ. „სინამდვილეში, ეს საქმე არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე. ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. პირიქით. იქ სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც (კადრებშიც ჩანს) მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ბავშვებს ჩამოვეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან. თან მიმათრევდა, თან მირტყამდა 5-6 ადამიანი. ჭიშკრის შიგნით (9 აპრილის ქუჩაზე ჭიშკარი რომ არის, საიდანაც გამოდიან ხოლმე) გააგრძელეს ჩვენი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. თავზე ნაჭდევები რაც მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს.

მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც საუბარი შევწყვიტე. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგნლები იყვნენ, ყველას ნიღბები ეკეთა, არავის სახე არ ვიცი, თვალები მახსოვს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძესა და ლევან მოსიაშვილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას [გინებას] ედავება.

„არაფერი ეგეთი არ ყოფილა. შეგიძლიათ კადრები ნახოთ. მტკიცებულებას ვერ დადებენ. ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით იმიტომ, რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. ორი ღამე ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ის, რომ ეს ყველაფერი ბოლოს ოქმის გაფორმებით დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაკავეს. ჩვენ გაგვიტაცეს და გვცემეს, მაგრამ, მერე აქეთ დაგვაბრალეს კანონდარღვევა“, - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

სასამართლო პროცესი 10 მარტს, 16:00 საათზე განახლდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ითვალისწინებს 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

7-8 მარტს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ს საპროტესტო აქციების 134 მონაწილე დააკავა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.