„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას. ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს. იმიტომ, რომ ბოლო იმედი „ოცნების“ არის, რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„არა და არასდროს“ ნათქვამი აქვს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე. მოგვიანებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ უარი არ უთქვამს და თუკი ვინმეს არ იწყალებს, ამაზე კომენტარებს არ აკეთებს. „უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ და ეს არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, ასევე შევარდნაძემ, ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა... ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდგომ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმები ახსენა: „ეს საკითხი მაწუხებს და რამდენიმე რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ, ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
მიხეილ სააკაშვილი ორ წელზე მეტია სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ის მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და თავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს.
