კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადასინჯავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მელანი ჯოლი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადამ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების და მისი შედეგების გათვალისწინებით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კანადა მხედველობაში იღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, მაგრამ კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო დღის სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც იუწყებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები. ამას ყურადღება უნდა მიექცეს და გამოძიებულ იქნეს. კანადას მყარად სწამს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებით და არჩევნების ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადასინჯავს თავის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ყურადღებას მიაქცევს ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლას.

ჩვენ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, პატივი სცეს ინდივიდთა უფლებებს და უსაფრთხოებას მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში.

საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობის გამო ვაქებთ ქართველებს, მათ შორის ამომრჩევლებს, საარჩევნო უბნების თანამშრომლებსა და მოქალაქე დამკვირვებლებს“, - ნათქვამია 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10%), „ძლიერი საქართველო“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.7%). მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გააჟღერეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველოში „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა. მან ქვეყნის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მოსახლეობის გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები. პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“. 

გამოძიების მოთხოვნას უერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აწარმოებენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.