პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით 5 მაისია განსაზღვრული „ალტ-ინფოს“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო ვადად. კანონპროექტით ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდამჭერი შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვა აკრძალოს. 2 წლამდე ვადით პატიმრობით დასაჯოს საქართველოში რუსების შემოსვლის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეები. კანონპროექტი კრძალავს ისეთი შეკრების ჩატარებას, რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, შუღლის გაღვივებას, სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კანონპროექტის ავტორები პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერები გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია არიან. არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით, კანონპროექტი პარლამენტში 2022 წლის 7 ნოემბერს წარადგინეს, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატები („ხალხის ძალა“) „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს დააინიცირებდნენ.
რუსული კანონი ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და მისი მიზანი ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნებოდა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ „აგენტების შესახებ“ კანონი დაჩქარებული წესით, 7 მარტს მაინც მიიღო, რასაც თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მთავრობამ მანიფესტაციები ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. ძლიერი პროტესტის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, 10 მარტს, „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩაეგდო.
„ალტ-ინფოს“ ავტორობით პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი სწორედ შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი მუხლი ემატება, რომლითაც იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო შეურაცმხყოფელ განხცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.
ამ კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ლეგალური ბერკეტი უჩნდება, უკანონოდ გამოაცხადოს ნებისმიერი თავყრილობა, რომელიც მას არ მოეწონება, შეკრების მონაწილეები პირველ ჯერზე 3000 ლარის ოდენობით ან 25 დღემდე პატიმრობით დასაჯოს, თუ დამრღვევი ორგანიზატორია 5000 ლარის ოდენობით ან 30 დღემდე პატიმრობით. ამ წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმე აღძრას და დამრღვევი 2 წლამდე ვადით დააპატიმროს.
„ხელისუფლებას უფლება ექნება აკრძალოს როგორც დაგეგმილი შეკრება, ასევე, მოითხოვოს მიმდინარე აქციის შეწყვეტა, თუ მიიჩნევს, რომ შეკრება რომელიმე ჯგუფის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს ან ომის პროპაგანდას ემსახურება. ეს კრიტერიუმები ბუნდოვანია და ხელისუფლების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მთავრობა ბუნდოვან კრიტერიუმებს მისი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს. კანონპროექტის ამ სახით დამტკიცება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების (შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების და სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლების) შეზღუდვას“, - ამბობს იურისტი ლადო ქუთათელაძე.
„როგორც ხელისუფლების ბოლო განცხადებებიდან ჩანს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟისთვის სწორედ ამ კანონპროექტის გამოყენებას უნდა ველოდოთ. ვიცით, რომ პრობლემების მიუხედავად, დადებითი მესიჯები მოდის კანდიდატის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, თუ დარჩენილ რამდენიმე თვეში არსებითად რამე არ შეუშლის ხელს. მსგავსი კანონები აკრძალულია ევროკავშირში. ეს კანონი გამოყენებული იქნება ფართო რეპრესიისთვის აქტივისტების წინააღმდეგ“, - აღნიშნავს იურისტი გიორგი მშვენიერაძე და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
- ეს კანონი პატიმრობით დასჯის ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში პროტესტს გამოხატავენ;
- ეს კანონი პატიმრობით დასჯის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდამჭერ შეკრებასა და მანიფესტაციას.
- ეს კანონი პატიმრობით დასჯის აქციის გამართვას საქართველოში რუსების შემოშვების წინააღმდეგ“.
2 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა სიუჟეტები მოამზადეს „გელაპის“ მიერ 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ლგბტქ ადამიანების იდენტიფიკაცია ყველაზე გავრცელებულია ახალგაზრდებში. „კვლევის ავტორები წერენ, რომ მოზარდებში ეს მაჩვენებელი 7,2%-ია და ბოლო 10 წელში ორჯერ გაიზარდა. 7 თვით ადრე, 2022 წლის ივნისში, კვლევა უილიამსის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში 1,6 მლნ-ზე მეტი მოზარდი და მოზრდილი 13-დან 17 წლამდე იდენტიფიცირებულია როგორც ტრანსგენდერი. კვლევას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აფასებენ, მათ შორის საქართველოში. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ჩვენი კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მონაცემები ცხადყოფს, თუ რა შედეგი მოაქვს პროპაგანდას“, - აღნიშნავს ტელეიმედის სიუჟეტის ავტორი და მამუკა მდინარაძის კომენტარს ციტირებს:
„ძალიან სერიოზული საკითხია გამიჯვნა უფლებების დაცვის და პროპაგანდის. ჩვენც უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა. ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლობის მიუხედავად, არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ დისკრიმინაცია მოახერხოს მეორე ადამიანის, მაგრამ მეორე მხრივ, ლგბტ პროპაგანდაში ეს არ უნდა ავურიოთ არავითარ შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში, პროპაგანდას მოაქვს ასეთი შედეგები, რომ რაოდენობა შესაძლებელია იზრდებოდეს ამის გამო“.
ლგბტქ პროპაგანდის კანონით აკრძალვა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი“) ორგანიზებით, 30 აპრილს გამართული აქციის მოთხოვნებს შორის. 2 მაისს, დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან“, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს 30 აპრილის აქციის მოთხოვნები. დღეს, 3 მაისს, მამუკა მდინარაძემ თქვა, „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ფრიდონ ინჯიას მიერ დაანონსებული LGBT პროპაგანდის შეზღუდვის კანონპროექტის მიღება.
მსგავსი შინაარსის კანონმდებლობა მოქმედებს რუსეთში, რომელიც კრძალავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას. საჯარო ქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფს მორწმუნეთა გრძნობებს, მათ შორის თაყვანისმცემის ადგილებში, სამი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. პროპაგანდა ან აგიტაცია, რომელიც მიმართულია ეთნიკური ან რელიგიური სიძულვილის ან უთანხმოების გაღვივებისკენ, ასევე, იმავე ხასიათის ლიტერატურის გავრცელება ან წარმოება და შენახვა, იწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას. რუსეთში აკრძალულია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაც“. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიჩნია, რომ ასეთი კანონები არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებს საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„ალტ-ინფოს“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, კონსტანტინე მორგოშია წერს, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომელსაც „ალტ-ინფო“ ითხოვს. „ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში“.
2021 წლის 5 და 6 ივლისს, თბილისში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს - მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ხელისუფლებამ არ დააკავა ორგანიზებული ძალადობის არცერთი ორგანიზატორი.