მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიების - „მთავარი არხის“, „პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა მისი საარჩევნო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე უარის გამო. საუბარია პროპაგანდისტულ ვიდეოზე, სადაც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქები და შენობებია ნაჩვენები. კომისიამ ამ საკითხზე სხდომა 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საჩივრის შეტანა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ, სამმა არხმა უარი ვთქვით ომის პროპაგანდაზე და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული რეკლამის განთავსებაზე. თუმცა, სანამ კომისიიდან მოგვივიდოდა შეტყობინება სხდომის ჩანიშვის თაობაზე, მანამდე „მთავარმა არხმა“ ცესკოში თავად უჩივლა „ქართულ ოცნებას“, რადგან რეკლამის შინაარსზე სწორედ დამკვეთია პასუხისმგებელი და ამგვარი რეკლამა არღვევს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ აგიტაციის წესებს. საინტერესო იქნება, რა რეაგირებას მოახდენს ცესკო, იმოქმედებს თუ არა სწრაფად, ვინაიდან პირველ რიგში დასადგენი იქნება არის თუ არა რეკლამა კანონსაწინააღმდეგო, ხოლო შემდგომ უკვე კომისიამ უნდა თქვას, ამგვარი დარღვევა იყო თუ არა ჩვენი მხრიდან.
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ან ცესკო ან კომუნიკაციების კომისია არხების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ვინაიდან ასე ხდება ყოველთვის. აღნიშნული ორგანოები პირდაპირ ბმაში არიან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და არ არიან დამოუკიდებლები.
ჩვენ მაინც ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დადოკუმენტირდეს და შეიქმნას ისტორია, თუ ვინ ქმნიდა ასეთ საარჩევნო გარემოს, როდესაც მედია კანონის დაცვის გამო იდევნებოდა“, - თქვა მურადაშვილმა.
5 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“, „პირველმა“ და „ფორმულამ“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ მათგან მოითხოვს, ეთერში გაუშვას უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერები, რომლებიც ქუჩებში აქვს გამოფენილი. ტელეკომპანიების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლება მათ აყენებს დილემის წინაშე - ან დაუთმონ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაეკისრებათ დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, - ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხები რეაგირებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ბანერების შესახებ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საარჩევნო პროცესში „ჩარევა“ და „ფარისევლური“ უწოდა, ხოლო მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ „ნორმალური და განვითარებული ქვეყნიდან“ მსგავსი განცხადებისთვის ელჩს „გააპანღურებდნენ“.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 26 სექტემბერს, თბილისში გამოჩნდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერების ერთ მხარეს, შავ-თეთრად გამოსახულია რუსეთის მიერ უკრაინაში დაბომბილი ქალაქები, ეკლესიები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხოლო მეორე მხარეს - ბანერების ფერად ნაწილში - საქართველოს განათებული ქალაქები, სამების საკათედრო ტაძარი, რეაბილიტირებული თეატრი, სპორტული მოედანი და ა.შ.
ევროკავშირის ელჩის შეფასებამდე, ბანერებს „სამარცხვინო“ და უფრო მეტიც, „კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ კამპანია დაგმო უკრაინის ხელისუფლებამაც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიუღებლად მიიჩნევენ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას“.