ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც აქციის მონაწილეებს სხვადასხვა მიზეზით კარვების გაშლას ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობას უკრძალავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც.
ეუთო/ოდირი დასკვნაში აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.
დასკვნის თანახმად, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე. დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული, შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.
ეუთო/ოდირმა დასკვნა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა.
პარლამენტმა 5 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია ან გაშალონ კარავი,
- თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
სამართალდარღვევა გამოიწვევს კონსტრუქციის, კარვის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
მმართველი პარტია კანონში ცვლილებების შეტანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ხსნის, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
პრეზიდენტმა აქციებზე კარვების შემზღუდავ კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.