კელი დეგნანი რუსულ კანონზე: „შექმნილია ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ხალხის მიერ უარყოფილი კანონის ხელახლა ინიცირების მიზეზი შესაძლოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

18 აპრილს კელი დეგნანმა, რომელიც ახლა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თავმჯდომარის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია, მონაწილეობა მიიღო ბოლონიაში გარათულ დისკუსიაში „საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“. მისი განცხადებების თარგმანი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

„ახლა ქართველები ისევ ქუჩაში არიან, როდესაც მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიცირებას ახდენს. გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და არ გამიკვირდება, თუ ხალხის ნების მიუხედავად, ეს პროცესი ბოლომდე გავა. ვფიქრობ, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, ხელახლა შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები („ქართული ოცნების“ წევრებმა გასული წელი ადგილობრივი დამკვირვებლების დისკრედიტაციაში გაატარეს), იმისთვის, რომ არავინ იყოს მათი კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე. სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს იმ კანონის აღდგენის საბაბზე, რომელიც საზოგადოებამ ასე სერიოზულად უარყო.

ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით და მაგალითებით, როცა თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა თქვეს „საკმარისია“. არ ვიცი, რა გამოიწვევს ასეთ ბრძოლას ამჯერად, შესაძლოა, ეს იყოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ან კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, ან სრულიად სხვა რამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთება და თავისუფლებისადმი მიჯაჭვულობა, რომელიც 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოს სუვერენულ ერად ინარჩუნებდა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“, - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს, სხვა ყოფილი ქვეყნების მსგავსად, ჰყავს საკუთარი ოლიგარქი და აქვს ენდემური კორუფცია - ძირითადად, მაღალ დონეზე.

„საქართველომ წლების განმავლობაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, მაგრამ ეს ძალიან მძიმე სამუშაოა და ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. ბევრი მათგანი თავდასხმის ქვეშაა, რადგან მოქმედი ხელისუფლება აძლიერებს ძალაუფლებას და ცდილობს შეცვალოს ზოგიერთი რეფორმა, რომელიც უფრო თანაბარ სათამაშო პირობებს შექმნის. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს აქვს ერთპარტიული მმართველობა და დიდი პერსონალიების პოლიტიკა, რაც ასევე საბჭოთა სისტემის მემკვიდრეობაა.

საბედნიეროდ, ასევე ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ახლა ისიც დარტყმის ქვეშაა, დიდი ალბათობით, უცხოეთის აგენტების ამ კანონპროექტის ხელახლა შემოღების გამოც. ეს კანონი ხალხმა კატეგორიულად უარყო ერთი წლის წინ, როცა ათი ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა უარი ეთქვა კანონზე, რომელიც შექმნილია ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად. ნებისმიერმა თქვენგანმა, ვისთვისაც ცნობილია რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის გავლენა, იცის, რომ ამ კანონმა განდევნა სამოქალაქო საზოგადოება რუსეთიდან ან მთლიანად ჩაახშო.

საქართველოში არის მოსამართლეთა კლანი - იგივე კლანი, რომელიც სააკაშვილის დროსაც იყო. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც თავს შეუცვლელად აქცევენ იმ ძალისთვის, ვინც ხელისუფლებაშია და აქვთ კონსოლიდირებული ძალაუფლება. თუ ხარ დამოუკიდებლად მოქმედი მოსამართლე და არ მიჰყვები მათ ბრძანებას, გადაგანაწილებენ საქართველოს რომელიმე მხარეში, შორს შენი ოჯახიდან და ასე დაისჯები“, - განაცხადა დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი პრეზიდენტია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).