თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე 4 კაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პროკურატურის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები, მიიჩნევდნენ რა, რომ ხანუმ ჯეირანოვა ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.
„ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებს პროკურატურა.
ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი, რომელსაც გამოძიება დამამცირებელი მოპყრობის გარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილავს.
2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, მას თავს დაესხნენ, სოფელში ათრიეს, შვილების თვალწინ საჯაროდ დაამცირეს და სასტიკად სცემეს, რის გამოც ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში არავინ დაუკავებიათ.
გარდაცვლილის ქმარმა აჯი გასანოვმა მის ცოლზე ერთ-ერთი მოძალადე პირი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს და 2014 წლის დეკემბერში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.
2015 წელს, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული. წულუკიანის პირობის მიუხედავად, საქმე მაინც არ გამოიძიეს.
2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, საჩივრით გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს მიმართეს.
2021 წლის ბოლოს კომიტეტმა დარღვევა დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაეტარებინა სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, ასევე, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.
მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, 2022 წელს პროკურატურამ ჯეირანოვას საქმეზე ბრალი ხუთ პირს წარუდგინა.