ხუციშვილის დემონიზება გააკეთეთ, თურმე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვერ შედგება - ზარქუა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციამ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის დემონიზება მოახდინა. მმართველი პარტია ითხოვს, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ხუციშვილის კანდიდატურა წარადგინოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ლაშა ხუციშვილის სახელი... დემონიზება გააკეთეთ, რა. დემონიზება. გგონიათ, ის თუ წარვადგინეთ, ცუდია.

მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდა ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა და ამ ბიჭის. ის, რომ ბიუჯეტი აღიარეს, მათ შორის, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, რომ ყველაზე ღია და გამჭვირვალეა მსოფლიოში, პირველ ადგილზეა, ეს ამ ბიჭის დამსახურებაა. რატომ ფიქრობთ, რომ იქ თუ ფინანსთა მინისტრად თავი გაართვა და კარგი, გამოცდილი, კვალიფიციური, კომპეტენტურია, ეროვნული ბანკის იმაზე, თურმე, ვერ შედგება პრეზიდენტად? რატომ გაქვთ ეს მიდგომა, ან ამას რატომ აჩვევთ საზოგადოებას?

არ არის სწორი მიდგომა. უმრავლესობაში ვართ ჩვენ. ჩვენ გვინდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მუშაობდეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ პრეზიდენტი საბოტაჟს უქმნის ამ ქვეყანას. არაერთხელ დავრწმუნდით ამაში. შეთანხმებული იყო კანდიდატურა და არ წარმოადგინა. საბოტაჟია მეტი არაფერი“, - განაცხადა ზარქუამ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, ლაშა ხუციშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, თუმცა პრობლემა მისი დამოუკიდებლობაა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რატომ აიკვიატეთ მაინც და მაინც ფინანსთა მინისტრი? ვერ მოძებნეთ უცხოეთში ან აქ სხვა ადამიანი? ან რა გარანტიაა იმისა, რომ ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოში მოხვდება, საბჭო მას წარადგენს პრეზიდენტად და არა სხვას, სხვა ვიცე-პრეზიდენტს? ის გარანტიაა, რომ მეთოდურად მიხვედით იქამდე, რომ დღეს ეროვნული ბანკის საბჭო იმას უყრის კენჭს, ვისაც პარტია დაავალებს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ორი პოზიცია ვაკანტურია. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, ზურაბიშვილი პარლამენტს საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა, თუმცა გაირკვა, რომ წლის ბოლომდე პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა, მაგრამ მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რაც, მსხილაძის თქმით, „მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“ გამყარდა.

პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლის დროს მსხილაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ამასთან, მსხილაძემ ზარქუას შეახსენა, რომ 2019 წელს, პრეზიდენტმა გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა, თუმცა პარლამენტმა მათი კანდიდატურები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ განიხილა. „ამ პერიოდში ერთმა კანდიდატურა მოხსნა, თავის გზას დაადგა და მეორე, სამწუხაროდ, ჩავარდა, არ გავიდა. ასე რომ, აქ საბოტაჟზე და დივერსიებზე საუბარი არასწორი ინტერპრეტაციაა“, - აღნიშნა მსხილაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ გაიზიარა. „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევას მიმდინარე კვირაში აპირებს.

ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს. პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. გარდა ამისა, საბჭოში იზრდება აღმასრულებელი წევრების რაოდენობა, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, გაუქმდება.

სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო თებერვალში დაადო. მას მიაჩნია, რომ ცვლილებების განხორციელების ობიექტური საჭიროება არ არსებობს. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.

კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს, რომელიც მანამდე ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მას ვადა დეკემბრის დასაწყისში გასდის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).