საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ დღეს, ერთმანეთის პარალელურად გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ ორ პარტიას პარლამენტში ჯამში 34 მანდატი აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. განცხადებას, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ, 82-ვე წევრი აწერს ხელს - ყველა, არამხოლოდ ისინი, ვინც ცესკოს მიხედვით პარლამენტში ხვდებოდა და 20 იყო ასეთი. ყველა, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო სიის თოთოეული წევრი განცხადებით მიმართავს ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრად არ დაარეგისტრიროს და არ გასცეს დროებითი მოწმობა პარლამენტის წევრად მათი არჩევის შესახებ.
„ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ გვესმის რომ ცესკომ და პარლამენტმა შეიძლება დაიწყონ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.
რამდენჯერაც იქნება საჭირო, ამ სიის 82-ვე წევრი მოაწერს ხელს უარს. ამით ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ მას ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერისა და საარჩევნო სიის პირველი ნომერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის და სიის თითოეული წევრი ცენტრტრალურ საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური განცხადებით მიმართავს.
„ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა წერილები, რომელსაც ვგზავნით ცესკოში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბმისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით.
უარს ვამბობთ, მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ შეუჯამებია. დღეს არსებული მონაცემებით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში 16 მანდატი აქვს, ხოლო „კოლიციას ცვლილებისთვის“ - 18.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 053 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.034%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.17%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.808%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.777%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.