„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. კობახიძის თქმით, ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას ჰუმანური სახელმწიფო სისტემა დაუპირისპირდა. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. თბილისში განვითარებული მოვლენები მან კიევის „მაიდანს“ შეადარა და თქვა, რომ კანონი უბრალოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის მცდელობისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან. რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ, თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების [არასამთავრობო ორგანიზაციების] შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო საუკუნის პიარ თაღლითობა, რომლის მთავარი მიზანიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო.
ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე. რაც შეეხება რუსულ ფაქტორს, სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს. დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი“, - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დაირქვეს, დააინიცირეს ორი კანონპროექტი, რომელიც „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილებას, ხოლო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონპროექტი კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც ითვალისწინებდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაარბია. დარბევისას მიღებული დაზიანების შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მოქალაქეების პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონებზე უარი ეთქვა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდეს, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტი კი პარლამენტიდან გაიწვიეს.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის გასაჩუმებლად გამოიყენება.