საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება“ სარჩელს, რომელსაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კობახიძის თქმით, „სახელმწიფო ინტერესები“ ბოლომდე იქნება დაცული.
„პარლამენტი, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის კარგი გამჭვირვალობა ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ შეუძლებელია, სამართლებრივად თუ არასამრთლებრივად, იმის დამტკიცება, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ცუდი. ამასთან დაკავშირებით ვერავითარ არგუმენტს ვერ წარმოადგენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ასეთ სარჩელს ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის ამოქმედებას „წინ ვერაფერი დაუდგება“ და სახელმწიფო შესაბამის ბერკეტებს გამოიყენებს:
„კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლებითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა. მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ანუ, ვერავინ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი 3 ივნისს მოაწერა. კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან აგვისტოში განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის სააგენტოს და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოითხოვონ. რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, ყველა პირი (მათ შორის, ფიზიკურიც) დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „სასამართლოს სრული უფლება აქვს, კანონის საბოლოოდ გაუქმებამდე შეაჩეროს პრობლემური მუხლების მოქმედება, ვიდრე ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საზოგადოებას, ამ ქვეყანას დააზიანებს“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელის წარდგენას გეგმავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნის მიხედვით, „აგენტების კანონი“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რის გამოც ის შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს.