ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით საგანგებო დასკვნას აქვეყნებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ „კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს“, რის გამოც ის შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან. ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
დღეს გამოქვეყნებულ სამართლებრივ ანალიზში ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიასაშუალებებს განსაზღვრავს, როგორც „ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს“ მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.
ეუთო/ოდირი ასევე ხაზს უსვამს, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია საქართველოში მიღებული კანონისგან - „ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით“.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონების მიზანია, საჯაროდ დარეგისტრირდნენ ის კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლის სახელით, ისინი არ ახდენენ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ან მედიასაშუალების მონიშვნას უცხოური ძალის წარმომადგენლად მხოლოდ იმიტომ, რომ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ“, - აცხადებს ეუთო/ოდირი.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონი არ ეფუძნება რისკების ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე პოტენციური გავლენის შეფასებას, ხოლო ხელისუფლების მიერ კანონის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები არ არის რელევანტური და ვერ ამტკიცებს, თუ რატომ არის არსებული სამართლებრივი ბაზა და რეგისტრაციის/ანგარიშგების ვალდებულებები არასაკმარისი ან/და არაეფექტური.
ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეს შეიძლება იყოს ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების გამკაცრება, ისეთი ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მეტ გამჭვირვალობას.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ისინი არ უნდა იყოს კონკრეტულად მიმართული სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა აჩენდეს ვარაუდს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, უცხო ძალების ინტერესებს წარმოადგენს“, - აცხადებს ეუთო/ოდირი.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე სამართლებრივი შეფასება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამაც მოამზადა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, კანონი უკან გაეწვია. თუმცა, საქართველოს მმართველმა პარტიამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, ვენეციის კომისიას პროფესიული მსჯელობა დაუწუნა და განაცხადა, რომ მას დასკვნა „დააწერინეს“.
