ვენეციის კომისიამ დღეს, 21 მაისს გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონზე. ვენეციის კომისია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. ეს უარყოფით გავლენას მოახდეს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ვენეციის კომისია თავიდანვე მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს კანონი, რომელიც არის როგორც მგრძნობიარე ადამიანის უფლებების მიმართ, ასევე მეტად სადავოა ქართულ საზოგადოებაში, რასაც მოწმობს ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები, მიღებულ იქნა ისეთი პროცედურით, რომელმაც არ დატოვა სივრცე გულწრფელი დისკუსიისა და შინაარსობრივი განხილვისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილების ღიად უგულებელყოფით.
ეს მით უფრო სამწუხაროა იმის გამო, რომ 2023 წელს ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აშკარა აუცილებლობა იყო, ჩატარებულიყო კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიებთან და მაუწყებლებთან. პროცესის ეს წესი არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს.
ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხებზე მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით.
ვენეციის კომისია ასკვნის, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8(2),10(2), და 11(2) მუხლებთან, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 17(2), 19(2) და 22(2) მუხლებთან, ვინაიდან არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად მონიშვნას სერიოზული გართულებები მოჰყვება, ვინაიდან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ მუშაობას. რეგისტრაციისა და ანგარიშგების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის, ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რომელიც ზღუდავს დაფინანსებაზე წვდომას სტიგმატიზებული ასოციაციებისთვის, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან და მუდმივ კონტროლთან ერთად უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ეფექტურ ფუნქციონირებას და არსებობას.
სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატური დაბრკოლებები შემზარავ შთაბეჭდილებას ქმნის.
კანონი, რომელიც მიზნად გამჭვირვალობას ისახავს, საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს ასოციაციებისა და მედიების სტიგმატიზების, გაჩუმების და საბოლოოდ ლიკვიდაციის რისკით, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისეთ ასოციაციებსა და მედიებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციის, აღრიცხვისა და საჯარო მხილების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ სანქციებზე.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ და მოამზადონ ანგარიშები, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ამიტომაც, არ არის წარმოდგენილი დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი უკვე არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობირების) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას, კანონპროექტს ისე უყარა კენჭი სამი მოსმენით, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას აკრიტიკებს მესამე მოსმენისას იმ ცვლილების ფაქტობრივად ფარულად ჩამატებისთვის, რომელიც პასუხისმგებლობას ფიზიკურ პირებზეც ავრცელებს.
„როგორც ჩანს, დამატებითი, არსებითი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კანონში მესამე მოსმენის დროს, დაუყოვნებლივ არ გახმაურებულა. ვენეციის კომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გამჭვირვალობის ასეთი არარსებობის გამო.“
„აგენტების შესახებ“ რუსული კანონი ვენეციის კომისიაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა 15 აპრილს გაგზავნა და კომისიას სთხოვა, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა ევროსაბჭოს სტანდარტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს რუსულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა თქვა, რომ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ყველა ევროპულ სტანდარტს და ის არის შეფერხება ქვეყნის ევროპულ გზაზე. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში გეგმავს.