საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიტინგებზე სახეები, პირველ რიგში, მომიტინგეებს უნდა უჩანდეთ. მისივე თქმით, მთავრობა კანონმდებლობის შეცვლაზე იფიქრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორიც არის სახის დამალვის საშუალება. ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ ნიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს, მოძალადე „ნაცებს“, რომ მათ ჰქონდათ მზაობა ძალადობისთვის.
ჩვენ ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რატომ არ აქვთ საპოლიციო ძალების ნიღბიან წარმომადგენლებს ამომცნობი ნიშნები და რატომ არ ცდილობს მთავრობა არსებული მოცემულობის შეცვლას. კობახიძემ აქცენტი „მთავარი არხის“ მიერ „მოძალადე“ სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებაზე გააკეთა და თქვა: „ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა ის, რომ შესაძლოა არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა ფორმებზე“.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მრავალათასიანი აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, დააკავა 300-ზე მეტი მომიტინგე, მათი უმრავლესობა საპოლიციო ძალების მხრიდან სასტიკად არის ნაცემი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შესახებ 319 პირის შეტყობინება მიიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
ძალადობაში მონაწილე სპეცრაზმელებისა და სხვა ნიღბიანი პირების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
