რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, გარდაუვალი იყო და პატივისცემას იმსახურებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის წევრების გაწვევის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
„საქართველოს პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან თავისი ეროვნული დელეგაცია გაიწვია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იმსახურებს როგორც გაგებას, ასევე პატივისცემას. [...]
ეს არის გარდაუვალი დასასრული, თუნდაც ის იყოს შუალედური (ჯერ კიდევ არსებობს ევროპის საბჭოს დატოვების შესაძლებლობა - ვიცით, ჩვენ ეს გავიარეთ)“, - აცხადებს კოსაჩევი.
რუსი დეპუტატის თქმით, საქართველომ აირჩია „განვითარების სუვერენული გზა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“ და ამით PACE-ს უკმაყოფილებას იწვევს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ გუშინ, 3 თებერვალს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების გაწვევის საკითხს. დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე და მარიამ ლაშხი შედიოდნენ, ხოლო ოპოზიციის კვოტა „ხალხის ძალის“ სახელით ეკა სეფაშვილს ჰქონდა ათვისებული. დელეგაციის სათადარიგო წევრები იყვნენ ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.
„ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ PACE-ში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ასამბელამ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა და ქართული დელეგაციის შეზრუდული უფლებამოსილება ცნო. ასამბლეა რიგი პირობების შესრულებას ითხოვს, მათ შორის, „ახალი ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ორგანიზებას და აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ PACE-ში მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, საქართველო ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
საქართველო, აზერბაიჯანის შემდეგ, ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში არ არის წარმოდგენილი. აზერბაიჯანმა საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა ერთი წლის წინ, 2024 წლის იანვარში შეაჩერა.
რაც შეეხება რუსეთს, ის ევროპის საბჭოს წევრი 1996 წლიდან 2022 წლამდე იყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობა შეაჩერა, ჩამოართვა მას როგორც კომიტეტის, ისე საპარლამენტო ასამბლეისა და საბჭოს სხვა ორგანოების მუშაობაში მოანწილეობის უფლება. ამის საპასუხოდ, რუსეთმა ევროსაბჭო დატოვა. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი აღარ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე და უარს ამბობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.
