აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) თანამშრომლობა შეაჩერა. დეპუტატება ამის შესახებ განცხადება მანამდე გააკეთეს, ვიდრე ასამბლეა მათთვის უფლებამოსილების შეზღუდვას გადაწყვეტდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
აზერბაიჯანის დელეგაციამ PACE პოლიტიკურ კორუფციაში, დისკრიმინაციასა და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. როგორც დეპუტატმა სამად სეიდოვმა განაცხადა, ამ „მანკიერი კამპანიის“ ნაწილად მიაჩნიათ მათი უფლებამოსილების საკითხის დაყენებაც.
„ამ ინიციატივას ასევე განვიხილავთ, როგორც აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში დაუსაბუთებლად ჩარევის მიზანმიმართულ, მიუღებელ მცდელობას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობისთვის ძირის გამოსათხრელად მზაკვრული ქმედებების ნათელ მაგალითს. რასიზმის, აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის გაუსაძლისი ატმოსფეროს ფონზე, რომელიც ასამბლეაში შეიქმნა, აზერბაიჯანის დელეგაციამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა და დასწრება შემდგომ შეტყობინებამდე“, - განაცხადა სამედ სეიდოვმა.
24 იანვრის სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეის 76-მა დეპუტატმა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა არ შეასრულა ის ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც 20 წლის წინ, ევროპის საბჭოში გაწევრიანების შედეგად წარმოეშვა. PACE შეშფოთებას გამოთქვამს ისეთ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
ასამბლეა ასევე გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციას და რეზოლუციაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ არ აღიარა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული შედეგები, რაც ლაჩინის დერეფნით თავისუფლად და უსაფრთხოდ სარგებლობის შეუძლებლობამ გამოიწვია. გარდა ამისა, რეზოლუციაში ნახსენებია 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული „სამხედრო ოპერაცია“, რასაც სომეხი მოსახლეობის მიერ მთიანი ყარაბაღის დატოვება და „ეთნიკური წმენდის“ შესახებ ბრალდებები მოჰყვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობასაც გაუსვა ხაზი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეის მომხსენებლებს არ ეძლევათ საშუალება, ციხეში მოინახულონ პატიმრები, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არიან დაკავებულები. გარდა ამისა, PACE-ს დელეგაცია არ მიიწვიეს აზერბაიჯანში თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„აზერბაიჯანის დელეგაციამ შეიძლება განაახლოს ასამბლეაში საქმიანობა, როდესაც რეგლამენტით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილდება“, - განაცხადეს პარლამენტარებმა.
მილი მეჯლისი (აზერბაიჯანის პარლამენტი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 12-წევრიანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.