საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში რუსული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფები ძლიერდებიან, დემოკრატიული სივრცე კი იზღუდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გასულ წელს უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა: „უფრო მეტიც, რიგი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი გაუარესებაც“.
„2021 წელს მოხდა 5 ივლისი. ეს იყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ალბათ, სამწუხარო დღე, როდესაც ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ. მინდა წაგიკითხოთ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა განცხადებები, რომლებსაც ისინი საჯაროდ, ტელეეთერის მეშვეობით აკეთებდნენ 19, 21, 23 ივნისს და ასევე სხვა დღეებში: „ძალადობას არათუ ვემიჯნები, არამედ ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, გავიდეთ და ვიძალადოთ. ძალადობას ვინც ემიჯნება, ის არის არაადამიანი. ვინც 5 ივლისს ძალადობისგან გამიჯვნას აპირებს, ეს ხალხი ჩვენთან არ არის. 2013 კი არა, ამათ უნდა მოვუწყოთ 2013 კვადრატში“. ასევე, აქციის ორგანიზატორები მიანიშნებდნენ, რომ 5 ივლისს მისაღები იყო ძალადობა ჟურნალისტებზეც და ცინიკურად აცხადებდნენ: „ხომ არ არის დასაშვები ასეთი ჟურნალისტების წიხლქვეშ გაგდება? ხომ არ არის ამათი ასფალტზე სახით თრევა სწორი?“. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 5 ივლისს ეს ადამიანები მოქალაქეებს აძლევდნენ მითითებებს გადაადგილებისა და მოქმედების თაობაზე: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“. აქციაზე მყოფ ამ განცხადების ავტორსაც არ აქვს ბრალი წარდგენილი ძალადობის წახალისებისთვის.
მინდა დავსვა შეკითვა - ვიცი, რომ პარლამენტში ბევრი იურისტი ბრძანდებით, მაინტერესებს, არის თუ არა სახეზე სულ მცირე ბრალის წარდგენის, ანუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ პირების მიმართ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის? ასევე, მაინტერესებს, ასეთი წინასწარ გაჟღერებული, საჯარო და არაერთგზისი მუქარების შემდგომ, რატომ არ იყვნენ სათანადო რაოდენობის სამართალდამცავები მობილიზებულები ადგილზე? რატომ მიეცათ მათ უფლება და საშუალება, ეძალადათ მოქალაქეებზე?“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, ხელისუფლებამ 5 ივლისს არათუ ვერ აღკვეთა მოქალაქეების მიმართ ძალადობა, არამედ პირიქით, „მაღალი თანამდებობის პირთა წინმსწრებმა, დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა“.
„ალბათ, ყველაზე მძიმე ამ მოვლენებში არის ის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან ადამიანები, რომლებიც ღიად და დეკლარირებულად ატარებენ საქართველოში რუსეთის ძალადობრივ და ადამიანის უფლებების უგულებელმყოფელ, ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. იდეოლოგიას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ აქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე. სახალხო დამცველმა მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რითიც ვასაბუთებთ, რომ უნდა მოხდეს ამ ტიპის პოლიტიკური ძალის [იგულისხმება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“] საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გაუქმება. ჩვენ მივმართეთ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე პრეზიდენტს, რომ მათ შეუძლიათ, ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
რუსული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება. კერძოდ, შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მეტად მცირდება გამოხატვის თავისუფლების სივრცე.
ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საქმიანობა საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოში უწევთ. 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ხშირად დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც სამართალდამცავები მოქალაქეთა შეკრების დაშლის შემთხვევებში ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას, აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნებს და იღებდა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს.
„შეკრების დროს, უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისთვის კვლავაც გამოიყენება დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
ამ მანკიერი პრაქტიკის გამოყენება საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენჯერმე დაანონსებული რეფორმის ჩავარდნის მიზეზი ადამიანის უფლებების სტანდარტებისთვის შეუსაბამო მექანიზმების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებაა, რაც სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც სასამართლოს უმარტივებს, ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების გვერდის ავლით, მიიღონ შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლებაშემლახავი გადაწყვეტილებები.
საგანგაშო იყო გასული წლის 13 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დეპუტატების, სასულიერო პირების, დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ თვალთვალისა და მიყურადების მასალის აქამდე უპრეცედენტო გაჟონვა. გავრცელებული ფაილები შეიცვას პირადი ცხოვრების ამსახველ, სავარაუდოდ უკანონო მოსმენისა და თვალთავალის შედეგად მიღებულ აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემებს. გარდა ამისა, მასალები, სავარაუდოდ, შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, დანაშაულის სავარაუდო შეუტყობინებლობის და სამართდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. სავარაუდოდ, უკანონო და ფართომასშტაბიანი მიყურადება-თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეს აჩენს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა. სახალხო დამცველის თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა უკანონოდ და დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების 69 ფაქტი, ასევე, საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის და პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტები; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კანდიდატურები მოხსნეს. სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორის ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარუდო დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის ნების თავისუფალ გამოვლენაზე.