ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 1200 ევროს გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება [მე-10 მუხლის - გამოხატვის თავისუფლების გათვალისწინებით].
ევროსასამართლოში გასაჩივრებული საქმე 2019 წლის 29 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას ეხებოდა. იმ დღეს, აქციის მონაწილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებდნენ. ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში ნათქვამი იყო, რომ ის გზას კეტავდა და შეურაცხყოფას აყენებდა საზოგადოების წევრებს, რის შემდეგაც არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს, მათ ლობიო შეაყარა, შეურაცხყოფა მიაყენა და მონები უწოდა.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს განიხილა. ლაშა ჩხარტიშვილმა მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილის აცილება მოითხოვა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ყველა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეს განიხილავდა, მიკერძოებული იყო და სასამართლო დარბაზის გარედან მიღებულ მითითებებს ემორჩილებოდა. ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს უპატივცემულობისთვის 300 ლარით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. დაკავებულის ადვოკატმა პროცესის გადადება მოითხოვა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო სჭირდებოდა. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ სასამართლო პროცესამდე ჩხარტიშვილთან შეხვედრა ვერ მოასწრო, რადგან პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი დამალა. მოსამართლემ სხდომა სამი საათი და ათი წუთით გადადო. სხდომის განახლების შემდეგ, ვალერიანე ფილაშვილმა დაცვის მხარეს უარი უთხრა ჩხარტიშვილის მოწმის სახით გამოკითხვაზე, სხდომის გადადებასა და დაკავებულის გათავისუფლებაზე.
პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, მიუთითებდა, რომ ლაშა ჩხარტიშვილი წარსულში უკვე იყო ცნობილი სამართალდამრღვევად და აღინიშნა, რომ სულ მცირე ორჯერ - 2008 და 2014 წლებში, მას ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრა. პოლიციელი უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებას ითხოვდა.
მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩხარტიშვილის ქმედებებმა შეურაცხყო პოლიციის თანამშრომლები, რომ მათთვის „მონების“ ძახილი და ლობიოს შეყრა - მითითებით, რომ ლობიო უწინ მონების სალაფავი იყო - არ შეიძლება პროტესტის ფორმად ჩაითვალოს.
ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი სარჩელი არ განიხილეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქართულმა სასამართლომ საკმარისი მიზეზები არ დაასახელა მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქისთვის დაკისრებული საპატიმრო სასჯელის პროპორციულობის დასასაბუთებლად. კერძოდ, სასამართლომ განმარტა:
- საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის პოლიციელებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას აქვთ კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე სხვა მოქალაქეებს;
- არაძალადობრივი ქმედების გამო, პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხი სასამართლომ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა შეამოწმოს. რამდენიმედღიანი პატიმრობის გამოყენებაც კი გამოხატვის თავისუფლებაში მომეტებული ჩარევაა და მას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს;
- გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პროტესტის შინაარსი, არამედ მისი გამოხატვის ფორმაც. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე პირის ქცევა არ არის ძალადობრივი, მის ქმედებას არც ზიანი გამოუწვევია და არც მოვლენათა ესკალაციაში გადაზრდის საფრთხე შეუქმნია, მისთვის პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია.
სტრასბურგის საასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ პატიმრობა ისე გამოიყენა, რომ ამ გარემოებებზე საერთოდ არ უმსჯელია. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონური იყო.
ლაშა ჩხარტიშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული სასამართლოები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ხშირად უკანონო, დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვალდებულები არიან სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
ვალერიანე ფილაშვილი 2019 წლის ივლისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ის თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული.