2021 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე განხორციელებული ძალადობისთვის მსჯავრდებულმა ოთხმა პირმა - აკაკი ნაკაშიძემ, დავით კუტალაძემ, ცოტნე ჩიხლაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. ადვოკატების თქმით, მათ „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ მიღებული ამნისტია შეეხოთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 ოკუპირებულ გალში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დავით ქაცარავას დრონი ჩამოაგდეს
- 3 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 4 „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას უარყოფს
- 5 26 ოქტომბრის არჩევნების გამო დე ფაქტო აფხაზეთი ენგურის ხიდს ჩაკეტავს
- 6 ბუდანოვის თქმით, უკრაინაში საომრად 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ემზადება
დავით კუტალაძისა და ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატმა, სერგო ხურციძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა შეფარდებული 4-წლიანი საპატიმრო სასჯელიდან 3 წელი და 4 თვე მოიხადეს.
„სასჯელაღსრულების დაწესებულება 8 თვეში, 2025 წლის ივლისში უნდა დაეტოვებინათ. ამ საქმეზე სულ 6 პირი იყო დაკავებული და ყველა გამოვა“, - განაცხადა ადვოკატმა.
2023 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა ექვსივე ბრალდებული გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა 4 წლამდე შეუმცირა. დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის (154-ე მუხლი), პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნისთვის (156-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (118-ე მუხლი).
„იმ ადამიანების თავისუფლებაზე, რომლებმაც ლექსო სასიკვდილოდ სცემეს და მირანდა ბაღათურიაზე იძალადეს, პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს, რომლებმაც ამნისტიის კანონის იმ მუხლებს მისცეს ხმა, რომლითაც ეს მოძალადეები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან, რადგან მათ ჰქონდათ ამ ადამიანების ვალი“, - განაცხადა ტელეკომპნია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, იმ მუხლზე, რომლითაც გათავისუფლებული პირები სასჯელს იხდიდნენ, „ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო“. „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ამნისტია არ ვრცელდება.
„საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ. ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან“, - ამბობს ქურდოვანიძე. საია ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს.
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს, პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ და კიდევ სხვა ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით აქცია გაიმართა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების - „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ. აქციის დროს ჯგუფურად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ, ტექნიკას უმტვრევდნენ. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი.
2022 წლის 7 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ გახდა. ნარკოტიკული ზედოზირების ვერსიაზე შსს ოპერატორის გარდაცვალების დღიდან მიანიშნებდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დასკვნის მიმართ ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტები არ ჩართო.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების შედეგები დღემდე არაა ცნობილი.
5 ივლისის საქმეზე სულ 30-მდე პირი იყო დაკავებული. პასუხისგებაში არ მიუციათ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი.