„ამერიკის საელჩოს წლებია აქვს გამალებული მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს სანქციები ექნება, თუ არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება“, - ამის შესახებ კორუფციაში ჩართულობის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მურუსიძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მას და კიდევ სამ მოსამართლეს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, არ გადაიხედება.
„საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით. რა არის ნამდვილი მიზეზი - ეს წლების განმავლობაში გრძელდება და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
დასაწყისში, მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს რომ ვერ მიაღწიეს, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ [აშშ-ის] საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მურუსიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის და მისი გაკონტროლების მცდელობის ერთ-ერთ მაგალითად ტელეკომპანია „მთავარი არხის“, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა მოიყვანა.
„მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს. მეტსაც გეტყვით, ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები, როცა, არ დავასახელებ კონკრეტულ მოსმართლეს, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ და აბულინგებდნენ, როგორ გაბედა, რომ ლაშა ჩხიკვაძეს მხარი დაუჭირა.
ლაშა ჩხიკვაძის თემა უბრალოდ აისბეგის წვერია. ჩემთან პირადად წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ის მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ამასაც ნახავს.
თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, სანქციების დაწესების მიზანი მოსამართლეების ერთმანეთთან დაპირისპირება და არეულობის მოხდენაა.
„ეს არის გათვლილი. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირებაო. გულწრფელად რომ გითხრათ, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, მე მგონი, ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ, სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მეეჭვება, რომ ეს მოხდეს.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება. მოსამართლეებს ეუბნებიან შემდეგს: ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის მისაღებია, ან ისე მოგექცევით, როგორც ვექცევით ლევან მურუსიძეს. ეს არის ზეწოლა“, - თქვა ლევან მურუსიძემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დგენანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე“.
„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, ესე იგი ტელეფონზე მისმენენ. ამიტომ მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს“,- აღნიშნა მურუსიძემ.
5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნული სანქცია მათ უშუალო ოჯახის წევრებსაც შეეხება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.