ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სადაც რუსეთის ხელისუფლება მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას აპირებს, რუსეთის საზღვაო ძალების გემი დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა Naval News-ი წერს. საუბარია პროექტ 22870-ის გემზე, რომელიც 28 ივნისს ნოვოროსიისკში, მშობლიურ პორტში იყო, 1 ივლისს გაუჩინარდა, 4-5 ივლისს კი ოჩამჩირეში შენიშნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
Naval News-ის ცნობით, 3 ივლისს, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ნოვოროსიისკს შეუტია - უკრაინული „მაგურას“ საზღვაო დრონებით დაარტყა ნავსადგურს, სადაც ოჩამჩირეში დაფიქსირებული გემიც დგას ხოლმე. „ერთ-ერთი ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ხომალდი ზღვაში იყო და თავდასხმისგან თავის დაღწევას ცდილობდა“, - წერს Naval News.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტში პროექტ 22870-ის სამი ხომალდია: სამაშველო ბუქსირი SB-742, „პროფესორი ნიკოლაი მურუ“ და „კაპიტანი გურიევი“. მეოთხე გემი „ვასილი ბეხი“ (SB-739) უკრაინამ 2022 წლის ივნისში კუნძულ ზმეინისთან ჩაძირა. Naval News-მა ვერ შეძლო დადგენა, პროექტ 22870-ის დარჩენილი სამი ხომალდიდან რომელი იმყოფებოდა ოჩამჩირეში.
„მიუხედავად იმისა, რომ პროექტ 22870-ის გემებს სამაშველო ბუქსირებს უწოდებენ, ზოგადი დანიშნულების დამხმარე გემებად შეიძლება მივიჩნიოთ. ისინი ხშირად თან ახლავენ საბრძოლო გემებს და ცნობილია, რომ ატარებენ სარაკეტო სისტემებს მიმდინარე ომის დროს. ეს არის იმ „ვასილი ბეხის“ (SB-739) და გემი, რომელიც უკრაინულმა საზენიტო რაკეტებმა ზმეინის კუნძულთან 2022 წლის 17 ივნისს ჩაძირეს. იმ დროს „ვასილი ბეხს“ SA-15 Gauntlet (Tor) საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გადაჰქონდა“, - წერს Naval News.
ოჩამჩირეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რამდენიმე მცირე საპატრულო კატარღა აქამდეც იყო განლაგებული, თუმცა, პორტში სამხედრო გემი პირველად დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ იქ რუსული ფლოტის მუდმივი ბაზის მშენებლობა იგეგმება.
„ეს ნაბიჯი [ბაზის აშენება - რედ.] წინააღმდეგობრივია, რადგან პორტი საქართველოში მდებარეობს, რაც გულისხმობს რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მოქცევას. რუსეთს შეუძლია პორტი თავდასხმებისგან თავშესაფრად გამოიყენოს და მოაწყოს უსაფრთხო ბაზა, საიდანაც საბრძოლო ამოცანებს შეასრულებს.
უკრაინის ვარიანტები გართულდება, რადგან პორტი საქართველოს ტერიტორიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ მას სეპარატისტული აფხაზეთი აკონტროლებს.... ჯერჯერობით უცნობია, მიჰყვებიან თუ არა მას რუსეთის საზღვაო ძალების სხვა გემებიც. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია აქ ფაქტორი იქნება. ანალიტიკოსები, სავარაუდოდ, ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას“, - ვკითხულობთ Naval News-ის სტატიაში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, 2023 წლის 5 ოქტომბერს, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განთავსდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბჟანიას განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
2024 წლის იანვარში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ბაზის მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული. შამბას თქმით, მიმდინარეობდა პროექტირება. „თუმცა, მისი ფუნქციონირება შესაძლოა მიმდინარე წელს დაიწყოს. ეს იქნება ბაზირების პუნქტი, როგორც ეს ხელშეკრულებაშია ჩაწერილი“, - განაცხადა შამბამ რუსულ მედიასთან.