ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსული კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელი უჭერდა მხარს. ამის შესახებ კორპორაცია Meta-ს ანგარიშში ვკითხულობთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
Meta-მ წლის მეორე კვარტალში Facebook-ის 76 ანგარიში და 30 გვერდი, ასევე, Instagram-ზე 11 ანგარიში წაშალა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის საწინააღმდეგო პოლიტიკის დარღვევის გამო.
ანგარიშის მიხედვით, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) ქსელი წარმოიშვა რუსეთში და მიმართული იყო საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე. ოპერაცია ფოკუსირებული იყო ფიქტიურ ახალი ამბების ვებსაიტებზე, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მუშაობას და აქვეყნებენ „სიახლეებს“ პოლიტიკის შესახებ ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
„საქართველოში ისინი პოსტავდნენ „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც აკრიტიკებდნენ პროტესტის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“.
აზერბაიჯანში აქვეყნებდნენ პოსტებს ადგილობრივ მოვლენებზე და აკრიტიკებდნენ დასავლეთს. სომხეთში მათ გამოაქვეყნეს პოსტები პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, რუსეთის და ამჟამად აზერბაიჯანში დაკავებული ყოფილი სომეხი მაღალჩინოსნის მხარდამჭერი კომენტარები და სომხეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ ქსელის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს ხალხის ვებსაიტებზე გადასაყვანად, გვერდების მართვისა და კონტენტის გამოსაქვეყნებლად. ანგარიშების ნაწილი Metas-ს გამოძიებამდე ავტომატურმა სისტემამ იპოვა და გააუქმა.
„მიუხედავად იმისა, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელის უკან მყოფი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობის დამალვას და კოორდინაციას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირები იმ პირებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსკოვში რეგისტრირებულ მარკეტინგულ ფირმასთან, სახელწოდებით IMA Digital“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხდვით, ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი დახარჯა.
Meta კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს კოორდინირებულ ძალისხმევას საჯარო დებატებით მანიპულირებისთვის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, სადაც ყალბ ანგარიშებს ცენტრალური ადგილი უკავიათ. ადამიანები კოორდინაციას უწევენ ერთმანეთს და იყენებენ ყალბ ანგარიშებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ სხვები იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ.
