2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 2580 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 189 ადამიანი, 3326 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილზე თბილისია, სადაც ექვს თვეში 1276 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (295 შემთხვევა) და აჭარა (259 შემთხვევა).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
იანვარ-ივნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 41 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა, ხოლო 779 ქვეითი დაშავდა. ამ პერიოდში აღრიცხული 1499 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსუბუქი ავტომანქანის, 313 კი მოტოციკლეტის მონაწილეობით მოხდა.
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოხვევის მანევრი, საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა, დისტანციის დაუცველობა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია.
2022 წლის განმავლობაში, საქართველოში 5469 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა. დაიღუპა 430 ადამიანი, 7517 კი - დაშავდა. ყველაზე მეტი, ჯამში 4064 ავარია მსუბუქი ავტომობილის და მოტოციკლის მონაწილეობით მოხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 2022 წლის ოქტომბერში, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გზებზე სიკვდილიანობა 2.7-ჯერ მეტია. მისი თქმით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე ყოველწლიურად 12 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 4.4-ია.
