ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ საკუთარ წყაროებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ფაქტია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა იყო ორგანიზებული და სამწუხაროდ, ამაში მონაწილეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც უსაფრთხოება უნდა ებაროს და არა ჟურნალისტების ცემა და შემდეგ ამის შეფუთვა ისე, თითქოს, მიშას ვიღაც აღელვებულმა, პატრიარქზე შეყვარებულმა ახალგაზრდამ სცემა. ფაქტები მიუთითებს, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდა სუს-ის თანამშრომელი. ამ ყველაფერზე საჭიროა სასწრაფო რეაგირება“, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა, რომელმაც „ფორმულას“ ეთერში თავდასხმის ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მუმლაძე მიშა მშვილდაძეს მიჰყვებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მასზე თავდასხმის პროცესს დაესწრო. „ფორმულას“ ცნობით, გიორგი მუმლაძეს თან ახლდა მამაკაცი, რომელიც ასევე სუს-ის თანამშრომელია. „ფორმულას“ ამ პირის ვინაობა არ დაუსახელებია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული გიორგი მუმლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლული და მისი კადრია. სუს-ში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი მუმლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
გარდა ამისა, „ფორმულას“ ცნობით, თავდასხმაში ფიგურირებს სამი ავტომობილი, რომლებიც, ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, სუს-ის დეპარტამენტს ეკუთვნის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს, საღამოს, იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა და სუპერმარკეტში შედიოდა. მეორე დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დანაშაული აღიარა: „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც მიშა მშვილდაძეს ვცემე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და ამბობს, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც არსად დამალვას არ ვაპირებ“, - წერდა გუგეშაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკოლოზ გუგეშაშვილი დააკავა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მიშა მშვილდაძე და ტელეკომპანია „ფორმულა“ კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.
ეჭვი, რომ მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა წინასწარ იყო ორგანიზებული თავიდანვე გაჩნდა, რასაც ამყარებს ის გარემოება, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დანაშაული იგივე ფორმით აღიარა, როგორც ეს რამდენიმე დღით ადრე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა გააკეთა. გარდა ამისა, ნიკოლოზ გუგეშაშვილის პროცესს ესწრებოდა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა. ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პირველი გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძეზე ძალადობას. ის ასევე ხელმძღვანელობდა მოძალადეთა ჯგუფს, რომელიც ჯაფარიძეზე თავდასხმის პარალელურად ბორჯომში, ახალგაზრდულ ბანაკში მივარდა. ზურაბ ჯაფარიძე სწორედ ამ ბანაკში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა, როდესაც გორში დაესხნენ თავს.