„მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება.

მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წადგენილი სისხლის სამართლის დანაშაული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ 12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა მზია ამაღლობელი ტყვეობაში აიყვანა, თითოელ ჟურნალისტს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.

განცხადებაში „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებულ მედიაგარემოზეც არის საუბარი.

„გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული „რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. „ქართული ოცნების“ საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეეები.

2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით“ და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.

ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.

დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების ინფორმაციით, დგებუაძემ რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა.

მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“, - წერდა ის ოთხი დღის წინ ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ამაღლობელს ქრონიკული დაავადებები აქვს და უფლებადამცველების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატები და ჟურნალისტები პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.